ავტორი: სალომე ზაალიშვილი
ამერიკული მედიის ცნობით, ტრამპმა ხელოვნების ფედერალური კომისიის ექვსი წევრი დაითხოვა. მიზეზი თეთრი სახლის დანგრეული ფრთის პროექტთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გახდა.
კომისია, რომელიც პრეზიდენტის, კონგრესის და ქალაქ ვაშინგტონის “დიზაინისა და ესთეტიკის” მრჩევლის როლს ასრულებს, კონგრესის მიერ 1910 წელს შეიქმნა და მისი წევრები 4 წლის ვადით ირჩევიან. ცნობისთვის, კომისიის დათხოვნილი წევრები ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში აირჩიეს.
მოქმედი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ რიგ პროექტებზე ტრამპსა და კომისიას შორის უთანხმოება წარმოიშვა, ეს პროექტებია: თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთის დანგრევის და მის ნაცვლად საცეკვაო დარბაზის, ტრიუმფალური თაღის აშენების და ვარდების ბაღის ბეტონის საფარით შეცვლის პროექტები.
პროექტის თანახმად, თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთა საცეკვაო დარბაზად უნდა გადაკეთდეს, მისი ბიუჯეტი 300 მილიონი აშშ დოლარია. ტრამპის განცხადებით, პროექტს “ბევრი გულუხვი პატრიოტი, ამერიკული კომპანია, და, მე - თქვენი ერთგული” დავაფინანსებთო. დონორების სიაშია ისეთი ტექგიგანტებიც, როგორიცაა Apple-ი, Amazon-ი, Meta, Microsoft-ი and Google-ი.

თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთა დღეს
აღსანიშნავია, რომ როდესაც პროექტი პირველად გასაჯაროვდა, ჯერ კიდევ ივლისში, ტრამპი ირწმუნებოდა, რომ თეთრი სახლის არსებულ ინფრასტრუქტურას იგი არ შეეხებოდა, თუ შენობის დღევანდელ ფოტოებს გადავხედავთ, ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, შენობის აღმოსავლეთ ფრთა სრულიად დანგრეულია.

თეთრი სახლის აღმოსავლეთ ფრთა 1902 წელს თეოდორ რუზველტის პრეზიდენტობისას აშენდა, ხოლო ფრანკლინ რუზველტმა ომის პერიოდში, 1942 წელს, მას სამუშაო სივრცე დაუმატა, რომელმაც ამ დანიშნულების გარდა, მიწისქვეშა ბუნკერი დაფარა. ბოლო 70 წლის განმავლობაში სექცია პირველი ლედის სამუშაო სივრცედ გადაიქცა და ამასთანავე თეთრი სახლის სოციალურ ნაწილს წარმოადგენდა, სწორედ აქედან შედიოდნენ სახლის სტუმრები და დამთვალიერებლები შენობაში.
ხელოვნების კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, არქიტექტორმა ბრუს ბექერმა, Washington Post-თან სამშაბათს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - “რომ არა დღევანდელი მოვლენები, კომისია აღმოსავლეთ ფრთის ახალი პროექტის გადახედვის პროცესს შეუდგებოდა.”
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ხელოვნების კომისიას იურისდიქცია მხოლოდ მშენებლობის დაწყებიდან აქვს, და მანამდე დანგრევის პროცესს არ კურირებს, რამაც მისცა ტრამპს საშუალება მოულოდნელად დაეწყო შენობის აღნიშნული ნაწილის ნგრევა.
ცნობისთვის საცეკვაო დარბაზი, რომლის აშენების გეგმამაც საზოგადოებრივი აჟიოტაჟი გამოიწვია ტრამპის, როგორც წარსულში უძრავი ქონების დეველოპერის, დედაქალაქის გარდაქმნის ფართო გეგმის ნაწილია. ტრამპმა აგვისტოში ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას სახელწოდებით “ისევ გავხადოთ ფედერალური არქიტექტურა ლამაზი” (“Making Federal Architecture Beautiful Again”), რომელიც ყველა ფედერალური შენობისთვის კლასიკური იერის ფასადს ითვალისწინებს და მოუწოდებს ფედერალურ სამსახურებს თავი შეიკავონ ბრუტალური და მოდერნისტული არქიტექტურისგან.




























