მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - მედია

ტრამპი ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა უკრაინის სამხედრო დახმარება გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაპირისპირების შემდეგ. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

"პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია მშვიდობაზე. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორები ასევე ერთგულნი იყვნენ ამ მიზნის მიმართ. ჩვენ ვაჩერებთ და განვიხილავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იგი ხელს შეუწყობს საკითხის გადაწყვეტას", - თქვა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით.

თეთრ სახლს საკითხზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

3 მარტის პრესკონფერენციაზე, კითხვაზე, გეგმავს თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, ტრამპმა შემდეგი პასუხი გასცა: "ახლა ამაზე არც მისაუბრია. ძალიან ბევრი რამ ხდება ამ წუთებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ. შესაძლოა გიპასუხოთ და როდესაც ჩემს ოფისში დავბრუნდები აღმოვაჩინო, რომ ჩემი პასუხი მოძველებულია".

28 თებერვალს თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის გამართული შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა: მწვავე კამათის შემდეგ ზელენსკიმ ოვალური ოფისი მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე დატოვა. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკულ გარანტიებს ითხოვდა, რასაც დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვინსმა კრიტიკითა და, მრავალი დიპლომატის შეფასებით, დამამცირებელი რეპლიკებით უპასუხეს.

3 მარტს დონალდ ტრამპმა ისიც განაცხადა, რომ "უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმება მკვდარი არ არის".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები