მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ტრამპს ჩემზე გავლენა არ ექნება" – FED-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი

კევინ ჰასეთი

აშშ-ის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა მთავარმა კანდიდატმა, კევინ ჰასეთმა, განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკი აუცილებლად შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დაინიშნება ხელმძღვანელის პოსტზე.

ჰასეთმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააჟღერა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა თავისი შეხედულება მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და მიანიშნა, რომ მომავალმა FED-ის ხელმძღვანელმა მასთან უნდა გაიაროს კონსულტაცია საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით.

კევინ ჰასეთმა, რომელიც ამჟამად თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ FED-ის ვალდებულებაა იყოს დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებები მიიღოს ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით და არა პოლიტიკური ზეწოლის მიხედვით.

ჰასეთის განცხადებით, ტრამპს მის პოზიციაზე გავლენა არასოდეს არ ექნება და ქვეყნის პრეზიდენტის სურვილებს FED-ის მონეტარული საბჭო არ გაითვალისწინებს, რადგან ფედერალური რეზერვი არც პრეზიდენტის, არც კონგრესის და არც სხვა ინსტიტუტის ნება-სურვილებს არ ემორჩილება.

ზოგადად, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი პლანეტის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური უწყებაა, რომელიც დოლარის მიწოდებას, მონეტარულ პოლიტიკას და საბანკო ინდუსტრიისთვის მოთხოვნებს განკარგავს.

ეკონომიკური ეფექტიდან და გლობალური მასშტაბებიდან გამომდინარე, FED-ის ხელმძღვანელობა ფინანსურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ და საპასუხისმგებლო საქმედ ითვლება, რადგან ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის არათუ გადაწყვეტილებას, არამედ ერთ განცხადებასაც კი მარტივად შეუძლია გლობალური კაპიტალის ბაზრის ჩამოშლა.

ასეთი ძალაუფლების გამო, FED-ის ხელმძღვანელი პოლიტიკურად ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს, რომელიც არ უნდა დაემორჩილოს არც კონგრესის, არც პრეზიდენტის და არც სხვა ნებისმიერი უწყების, სახელმწიფოს თუ კერძო პირის სურვილებს. FED-ის დამოუკიდებლობა ამერიკის კონსტიტუციით არის გარანტირებული, რადგან ამ ადამიანმა უნდა იფიქროს არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ იმაზე, თუ სად იქნება მსოფლიო 5 ან 10 წელიწადში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები