მომავალ კვირას, თეთრი სახლი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღება. როგორც ჩანს, დიპლომატებმა დაპირისპირებული მხარეების პოზიციების დაახლოება მოახერხეს. შიდა წყაროების თქმით, ახალი შეთანხმება 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას და ტყვეების გამოშვებას ითვალისწინებს.
ჰამასის ოფიციალური პოზიცია კვლავ უცნობია და ეს, დიდი ალბათობით, მეორე მხარის მიერ გაჟღერებულ ერთ-ერთ მოთხოვნასთან არის დაკავშირებული. როგორც ირკვევა, ისრაელს სურს, დაიტოვოს ცეცხლის გახსნის უფლება, თუ ამის საჭიროება გაჩნდება. აღსანიშნავია, რომ კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების მეშვეობით ჰამასს დოკუმენტი უკვე გადაეცა. პრეზიდენტმა ტრამპმა პასუხი მომდევნო 24 საათში უნდა მიიღოს.




























