აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელების სურვილი არ აქვს. მისი თქმით, ვაშინგტონი მოლაპარაკებებში მყარ პოზიციას ინარჩუნებს და პროცესი „დიდი შეთანხმებით“ დასრულდება.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეებს დიდი დრო არ აქვთ, რის გამოც ზავის ვადის გახანგრძლივებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.
პრეზიდენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ირანთან შეთანხმება უახლოეს მომავალში ვერ შედგება, აშშ სამხედრო იერიშებს განაახლებს.
„ველოდები, რომ დაბომბვას დავიწყებთ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს მოლაპარაკებებისთვის უკეთესი იქნება. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი სამხედროები მოქმედებისთვის მოუთმენლად ემზადებიან“, - თქვა დონალდ ტრამპმა.
ამ განცხადების ფონზე, სამშვიდობო მოლაპარაკებების ბედი კვლავ გაურკვეველი რჩება, რადგან პაკისტანში დაგეგმილი შეხვედრა მხარეებს შორის კონფლიქტის დეესკალაციის ბოლო დიპლომატიურ მცდელობად მიიჩნევა.




























