თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე სროლა მოხდა - ინციდენტის დროს დარბაზში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი იმყოფებოდნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, 25 აპრილს ღამით მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნა, საიდუმლო სამსახურის აგენტებმა პრეზიდენტი და პირველი ლედი დარბაზიდან სასწრაფოდ გაიყვანეს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია. გამოცემა New York Post სამართალდამცავი უწყებების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ალენია.
შემთხვევიდან დაახლოებით ორ საათში დონალდ ტრამპმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. პრეზიდენტის განმარტებით, სროლის შედეგად ერთ-ერთი ოფიცერი დაშავდა, თუმცა მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.
„ოფიცერი ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა გადაარჩინა და ის კარგ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტმა მომხდარს საშინელი ინციდენტი უწოდა, ხოლო თავდამსხმელი დაახასიათა, როგორც ავადმყოფი ადამიანი. ტრამპის თქმით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, ვახშამზე მყოფ სტუმრებს კი საფრთხე არ ემუქრებათ.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალაც გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდო დამნაშავე ფიგურირებს.




























