თბილისის მერიაში ამბობენ, რომ ტრამვაის ხაზის მოწყობაზე ტენდერი აღარ გახანგრძლივდება და 31 მარტი ბოლო ვადაა, როცა კომპანიები თავიანთი წინადადებების წარდგენას დაიწყებენ. თბილისის ვიცე-მერი BM.GE-სთან ამბობს, რომ საპროექტო სამუშაოებისთვის დაახლოებით 6 თვეა განსაზღვრული, ხოლო სრულად პროექტის დასრულებას 3 წელი დასჭირდება.
მისი თქმით, დაინტერესება სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან და თურქეთიდან არის.
“ტრამვაი ბრუნდება და ეს უკვე რეალობაა. ტენდერი 31 მარტს სრულდება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ კონკურენცია აუცილებლად იქნება საკმაოდ სერიოზული კომპანიების მხრიდან. ყველა იმ დაინტერესებულ კომპანიას, რომლებმაც თავისი მოსაზრებები, ხედვები, კითხვები წარმოადგინეს ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვეთანამშრომლეთ და ამ პროცესიდან გამომდინარე, ვადის გახანგრძლივება თუ გარკვეული კორექტირებების შეტანა რამდენჯერმე მოგვიწია, იმისათვის, რომ ყველა კომპანიას, რომელიც განსაზღვრულ სტანდარტებს აკმაყოფილებსმ მონაწილეობის მიღება შესძლებოდა.
როგორც კი იქნება გამოვლენილი გამარჯვებული, ჩვენ ხელშეკრულების გაფორმებაზე გადასვლას შევძლებთ. იცით, რომ საპროექტო სამუშაოებისთვის დაახლოებით 6 თვის ვადაა და წლის ბოლოს დიდი იმედი გვაქვს, რომ სამუშაოები უკვე დაწყებული იქნება, რაც 3 წლის ვადაშია განსაზღვრული. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს ქალაქში ტრამვაი იყოს მეტრო დიდუბიდან - დიღმის მეტრომდე.
31 მარტი ის თარიღია, როდესაც წინადადებების მიღება დაიწყება.
დაინტერესება არის სხვადასხვა ქვეყნებიდან: ჩინეთი, თურქეთი და სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილია საკმაოდ მსხვილი კომპანიები. ეს გვაძლევს იმედს, რომ კონკურენცია აუცილებლად იქნება და ძალიან ღირსეული, სერიოზული კომპანია გაიმარჯვებს, რომელიც ამ მნიშვნელოვან სამუშაოებს ჩაატარებს”, - ამბობს თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.
როგორც ცნობილია, დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის და ტრამვაის დეპოს მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომელიც ჯერ იანვრამდე გახანგრძლივდა, შემდეგ კი 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა და მისმა ვადამ 31 მარტამდე გადაიწია. ტენდერის ვადის გაგრძელების უმთავრესი მიზეზი უკავშირდებოდა კომპანიებისთვის სათანადო ვადის მიცემას რათა საკუთარი წინადადებები მოემზადებინათ.




























