მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა და ამ 39 დღეში ვიხილეთ: სენსაციები, რეკორდები, დრამატული მატჩები, ახალი გმირები და დაუმარცხებელი ესპანეთი, რომელმაც თასი აღმართა.
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო პლატფორმაა. ბევრი მათგანისთვის მთავარი მიზანი მხოლოდ საკუთარი ნაკრების წარმატება არ არის — მათ სურთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა, საბაზრო ღირებულების გაზრდა და უფრო პრესტიჟულ კლუბში გადასვლა.
სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ Transfermarkt-მა 2026 წლის მუნდიალის მიხედვით ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა. შედეგად ცნობილია თუ რომელი მოთამაშეები გაძვირდნენ ყველაზე მეტად და, რაც მთავარია, რატომ.
წინასწარ უნდა ითქვას, რომ ამ სიაში როგორც უკვე ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავები, ისე ახალგაზრდა ტალანტები მოხვდნენ, რომლებმაც ტურნირის შემდეგ სრულიად ახალ დონეზე გადაინაცვლეს.
5. კილიან მბაპე (+20 მილიონი ევრო)
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კილიან მბაპე კარიერის პიკურ საბაზრო ღირებულებას დაუბრუნდა. ამის მთავარი მიზეზი მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი გახდა. საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა მსოფლიო ჩემპიონატზე 10 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის შემდეგ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორნიშნა რაოდენობის გოლების გატანა შეძლო. Transfermarkt-ის შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატმა მბაპეს მიმართ საზოგადოებრივი აღქმაც შეცვალა. ტურნირზე გულშემატკივრებმა გაცილებით უფრო მომწიფებული და სრულყოფილი ფეხბურთელი იხილეს. ის საფრანგეთის შეტევის მთავარი ფიგურა დარჩა და ყველაზე მაღალი მოლოდინებიც კი გადააჭარბა. მსოფლიო დონის ფეხბურთელისგან საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლას ელოდნენ, თუმცა ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე 10 გოლის გატანა უკვე ისტორიული მიღწევაა.
4. ლამინ იამალი (+20 მილიონი ევრო)
ლამინ იამალის საბაზრო ღირებულებაც 20 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა ის 220 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ამ მაჩვენებლით იგი ერლინგ ჰოლანდთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია.
მართალია, იამალს მსოფლიო ჩემპიონატი ინდივიდუალური სტატისტიკის თვალსაზრისით გამორჩეული არ ჰქონია, მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა, თუმცა აშკარა იყო, რომ ტრავმის შემდეგ ჯერ კიდევ სრულ ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, ესპანეთის ნაკრების თამაშში მისი როლი უზარმაზარი იყო.
იამალი მუდმივად რამდენიმე მცველს იკრებდა, მეტოქის დაცვაში თავისუფალ სივრცეებს ქმნიდა და თანაგუნდელებს შეტევის განვითარებაში ეხმარებოდა.
Transfermarkt-ის ექსპერტების აზრით, ესპანეთს მსოფლიო ჩემპიონატი რომ არ მოეგო, იამალის ღირებულება მხოლოდ 10 მილიონი ევროთი გაიზრდებოდა და ის ჰოლანდზე დაბლა იქნებოდა შეფასებული.
3. ჯუდ ბელინგემი (+30 მილიონი ევრო)
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისელმა ნახევარმცველმა ყველას კიდევ ერთხელ შეახსენა, რატომ ითვლებოდა ცოტა ხნის წინ პლანეტის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად.
ბელინგემმა ტურნირზე შვიდი გოლი გაიტანა, რაც ინგლისის ნაკრების ისტორიაში დიდ საერთაშორისო ტურნირზე საუკეთესო შედეგია.
ამასთან, იგი გახდა პირველი ნახევარმცველი, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ამდენი გოლის გატანა შეძლო. სწორედ ეს გახდა მისი ღირებულების ზრდის მთავარი საფუძველი.
Transfermarkt-ის შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატი ბელინგემისთვის ერთგვარი „გადატვირთვა“ აღმოჩნდა.
„რეალში“ შედარებით არასტაბილური სეზონის შემდეგ მისი საბაზრო ღირებულება 130 მილიონ ევრომდე შემცირდა.
თუმცა ინგლისის ნაკრებში ბრწყინვალე თამაშმა დაამტკიცა, რომ ბელინგემი კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორისაა.
მიუხედავად ამისა, Transfermarkt-მა შეგნებულად არ დააბრუნა იგი კარიერის პიკურ ნიშნულზე - 180 მილიონ ევრომდე.
ექსპერტების აზრით, ამისთვის ინგლისელმა ჯერ იგივე დონე საკლუბო ფეხბურთშიც უნდა დაადასტუროს.
2. აიუბ ბუადი (+30 მილიონი ევრო)
ყველაზე დიდი აღმოჩენა სატრანსფერო ბაზრის თვალსაზრისით აიუბ ბუადი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატამდე „ლილის“ 18 წლის ნახევარმცველი უკვე ითვლებოდა თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად, თუმცა ტურნირის შემდეგ იგი ევროპული გრანდების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ გადაიქცა.
მაროკოს ნაკრებში ბუადი საკუთარი ასაკისთვის საოცრად მომწიფებულ ფეხბურთელად გამოიყურებოდა და იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალამდე მიაღწია.
სწორედ ეს გახდა Transfermarkt-ის მთავარი არგუმენტი მისი საბაზრო ღირებულების მკვეთრად გასაზრდელად.
გერმანული პორტალის რედაქციის შეფასებით, ბუადი მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა იყო.
მიუხედავად ამისა, Transfermarkt-მა მისი ფასი 100 მილიონ ევრომდე ჯერ არ გაზარდა.
1. ელიოტ ანდერსონი (+35 მილიონი ევრო)
მსოფლიო ჩემპიონატამდე ნახევარმცველი უკვე ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა ეროვნულ ნაკრებში გამოსვლამ ის სუპერვარსკვლავების კატეგორიაში გადაიყვანა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ანდერსონი ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა და გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა.
Transfermarkt-ის რედაქციის შეფასებით, ინგლისის მიერ მესამე ადგილის დაკავებაში სწორედ მისი წვლილი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. მან მაქსიმალურად გამოიყენა მიღებული შანსი და დაამტკიცა, რომ შეუძლია ინგლისის ნაკრების ძირითადი ნახევარმცველი იყოს ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებშიც.
მისი ღირებულების ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საკლუბო სიტუაციამაც. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ანდერსონი მანჩესტერ სიტიში გადავა. ტრანსფერის ღირებულება 136.5 მილიონი ევრო იქნება.
საბოლოოდ, ელიოტ ანდერსონის საბაზრო ღირებულება 35 მილიონი ევროთი გაიზარდა, რაც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილეს შორის ყველაზე დიდი მატებაა. მისი ახალი შეფასება, 110 მილიონი ევრო, სამ ძირითად ფაქტორს ეფუძნება: გამორჩეულ მსოფლიო ჩემპიონატს, ინგლისის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას და „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერს.
ეს იყო იმ ფეხბურთელების რეიტინგი, რომლებმაც აბსოლუტურ თანხაში ყველაზე მეტად მოიმატეს. თუმცა თუ პროცენტულ ზრდას შევხედავთ, გამარჯვებული სულ სხვა ფეხბურთელია — კაბო-ვერდეს მეკარე ვოზინია.
მისი საბაზრო ღირებულება 900%-ით გაიზარდა. მიზეზი ის არის, რომ ჩემპიონატამდე მისი საწყისი შეფასება ძალიან დაბალი იყო - მხოლოდ 50 ათასი ევრო. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი მისი ღირებულება 500 ათას ევრომდე გაიზარდა.




























