საფეხბურთო სამენეჯერო პორტალმა და ტრანსფერების ყველაზე მსხვილმა პლატფორმა Transfermarkt-მა მოთამაშეთა ღირებულებების მიხედვით რეიტინგი წელს ბოლოჯერ განაახლა.
ცვლილებები პირველ სამეულს შეეხო, კერძოდ კილიან მბაპეს ფასმა 20 მილიონი ევროთი მოიკლო და ამჟამად 160 მილიონს შეადგენს, რის გამოც ტოპ სამეულიდან ამოვარდა. ფრანგის ადგილი ესპანელმა ტალანტმა, ლამინ იამალმა დაიკავა, რომლის ღირებულებაც 180 მილიონს შეადგენს.
პირველ ადგილს თანაბარი 200-200 მილიონით ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდი და ბრაზილიელი ვინისიუსი იყოფენ. ხუთეულში, კერძოდ მეოთხე პოზიციაზე 180 მილიონით ვხვდებით ინგლისელ ჯუდ ბელინგემსაც, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მსოფლიოს უძვირფასეს მოთამაშედ ითვლებოდა.
ხაზგასასმელია, რომ ყველაზე ძვირად ღირებულ 20 ფეხბურთელს შორის მე-19 პოზიციას 85 მილიონად ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იკავებს, რომლის ღირებულებაც უკანასკნელი განახლებისას ხუთი მილიონით გაიზარდა.
ცნობისთვის, გოლკიპერის პოზიციაზე ყველაზე ძვირად შეფასებული ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია, რომელიც გასულ ზაფხულს “ლივერპულმა” 35 მილიონად შეიძინა და იჯარის წესით სეზონის ბოლომდე “ვალენსიაში” დატოვა.