სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის კვლავ შეუთანხმებელ საკითხად რჩება. რამდენიმე საპროტესტო აქციის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებსა და მცირე გადამზიდავებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა მომავალ კვირას უნდა გაიმართოს. მანამდე კი მხარეები მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
მესამე ქვეყანაში ან ქვეყნიდან სახმელეთო გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების პრობლემა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ტვირთბრუნვის გაზრდის ფონზე გამწვავდა. მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ნებართვების დეფიციტის შექმნაში მსხვილი კომპანიები მცირე მეწარმეებს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ისინი წინასწარ იღებენ ნებართვებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამის საჭიროება, რაც ასევე ხელს უწყობს იმას, რომ ამ ნებართვებით ვაჭრობა უკვე მეორად ბაზარზე ინაცვლებს.
"საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაცია 2020" ხელმძღვანელი, რომელიც 370-ზე მეტ ინდივიდუალურ მეწარმეს და კომპანიას აერთიანებს, უარყოფს ინფორმაციას არასაჭირო ნებართვების აღების შესახებ. რაც შეეხება შავ ბაზარს, მირიან მახარაძე აცხადებს, რომ ნებართვები ამ ეტაპზე შავ ბაზარზე არ იყიდება, თუმცა მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ შეწყდეს „შავ ბაზარზე“ ნებართვებით ვაჭრობა და პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს.
როგორც მასთან ინტერვიუდან ირკვევა, სატრანზიტო ნებართვების მოპოვება სავარაუდო კორუფციული გარიგების გზითაც შესაძლებელი იყო. საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაციის ხელმძღვანელი bm.ge-სთან ჰყვება იმ სქემის შესახებ, რა გზითაც აქამდე გადამზიდავები ნებართვებს მოიპოვებდნენ.
„პიროვნებებს, რომელსაც ინტერნეტშიც კი შეგეძლო დაკავშირებოდი, მისცემდი შეკვეთას, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში გადარიცხავდი 200 ლარს და საიდან მოჰქონდათ ეს ნებართვა არავინ იცის.
ეს ნებართვა ყალბი რომ ყოფილიყო, არცერთი საბაჟო სამსახური მას არ გაატარებდა. მას აქვს შტრიხ კოდი, აქედან გამომდინარე გაყალბებული საბუთით ვერ გაატარებდა საბაჟო სამსახური, გამორიცხულია.
ბევრი კითხვის ნიშანია, ძალიან ბევრი და ეჭვი, რომ სააგენტო მინიმუმ საქმის კურსში იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით“,- აცხადებს bm.ge-სთან მირიან მახარაძე, "საერთაშორისო სატრანსპორტო ასოციაცია 2020" ხელმძღვანელი.
რაც შეეხება ამ საკითხზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს პოზიციას, ერთი კვირის წინ გავრცელებულ განცხადებაში მათ უარყვეს გარკვეული ჯგუფებისათვის დამატებითი სიების მიხედვით ნებართვების გაცემის ფაქტები.
„გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცნობას გარკვეული ჯგუფებისათვის დამატებითი სიების მიხედვით ნებართვების გადაცემასთან დაკავშირებით: ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გადამზიდავების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
დაინტერესებულ პირებს მხოლოდ სააგენტოს მომსახურების ოფისებში გაკეთებული განაცხადების საფუძველზე შეუძლიათ ნებართვების მიღება.
ასევე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მიმდინარეობს მოკვლევა გადამზიდავების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ე.წ. „გადაყიდვების“ შესახებ და მოვუწოდებთ ყველა პირს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურს“,- ნათქვამი იყო სააგენტოს განცხადებაში.
რა შეიძლება შეიცვალოს ნებართვების გაცემის წესში, ამაზე ჯერ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არა, თუმცა კერძო სექტორი საუბრობს. როგორც მსხვილ გადამზიდავებთან საუბრიდან ირკვევა, დაგეგმილია ნებართვების გაცემის გამკაცრება, რის შემდეგაც გადამზიდავებს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. ამასთან, ნებართვების გაცემა ციფრული გზით განხორციელდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ნებართვა 6 თვის განმავლობაში არ იქნება გამოყენებული, გაუქმდება და მისი გაცემა თავიდან განხორციელდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხებზე იქნება საუბარი მომავალ კვირას, რადგან კერძო სექტორთან მორიგი შეხვედრა 8 აპრილს არის ჩანიშნული.