მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა

61cdd231742bc
BM.GE
30.12.21 19:33
1320
 საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსებში თამბაქოს მოხმარება აიკრძალა - შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით 80 ხმა - ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. 

თამბაქოს მოწევა ასევე აიკრძალა ავტომობილებში, როდესაც არასრულწლოვანის გადაყვანა ხდება.

"საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, ტაქსი, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, გემი, საბაგირო ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად,"- ნათქვამია კანონში.

პარალელურად, ცვლილებებია თამბაქოს ახალი ნაწარმის რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ 2025 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია, რომ ახალი თაობის თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილება პიქტოგრამის გარეშე განთავსდეს.

"2025 წლის 1 იანვრამდე ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ახალი ნაწარმის და იმავე მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს თითოეულ შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია განთავსდეს შესაბამისი პიქტოგრამის გარეშე. ამასთანავე, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასახურებელი თამბაქოს შემთხვევაში სამედიცინო გაფრთხილება შესაძლებელია არ იკავებდეს გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზები,"- ნათქვამია დოკუმენტში.

კიდევ ერთი ცვლილება თამბაქოს პროდუქტების მწარმოებელთა "ბრენდის გაფართოებას" უკავშირდება, რაც თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგის შეზღუდვას გულისხმობს.

"ბრენდის გაფართოება - თამბაქოს ნაწარმის სასაქონლო ნიშნის, ბრენდის, ემბლემის, სავაჭრო ნიშნის, ლოგოს ან ნებისმიერი სხვა განმასხვავებელი ნიშნის (მათ შორის ფერთა განსხვავებული კომბინაციების) იმგვარი კავშირი სხვა, პროდუქტთან ან მომსახურებასთან, როდესაც თამბაქოს პროდუქტი და სხვა პროდუქტი ან მომსახურება ასოცირებულია ერთმანეთთან.

ბრენდის გაფართოება, აგრეთვე, სავაჭრო ობიექტში, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო მოწყობილობების შიდა ან გარე ნაწილზე იმგვარი აღნიშვნების, სურათების, სპეციალური განათების, ციფრული მასალის ან ტექსტების განთავსება, ასევე ამ საგნების იმგვარი დიზაინი, რომელიც ახდენს და შესაძლოა მოახდინოს მომხმარებლის ყურადღების მიქცევა ან ასოცირება მასში განთავსებული პროდუქტებისადმი, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლისადმი,"- წერია კანონპროექტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები