მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Trump Tower-ის შემოსვლა სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში დიდი კაპიტალის დაბანდება შესაძლებელია" - "ბიოგრაფი ლივინგი"

ტრამპთაუერი

"ბიოგრაფი ლივინგის" აღმასრულებელი დირექტორის, ვასილ ფხაკაძის თქმით, ისეთი მსოფლიო დონის ბრენდის საქართველოში შემოსვლა, როგორიც The Trump Organization-ია, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმართ მაღალ ნდობაზე მიუთითებს - ამის შესახებ მან "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.

The Trump Organization-ი თბილისში 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენის, Trump Tower-ის მშენებლობას გეგმავს. პროექტი ქართულ კომპანიებთან, "არქისა" და "ბიოგრაფი ლივინგთან" პარტნიორობით ხორციელდება.

"ძალიან ვამაყობთ, რომ ისეთი წარმატებული საერთაშორისო ბრენდი, როგორიც The Trump Organization-ია, საქართველოს ბაზარზე შემოდის. ამ პროექტს კომპანია "არქისთან" და სხვა რამდენიმე ქართველ პარტნიორთან ერთად ვახორციელებთ. მსგავსი დონის ბრენდის შემოსვლა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო განვითარების ახალ ეტაპზეა, რადგან ასეთი ბრენდები გარკვეულ ბაზრებზე უბრალოდ არ შედიან. ეს იქნება ტრამპის პირველი ბრენდირებული აპარტამენტები ჩვენს რეგიონში.

ეს არის სიგნალი ინვესტორებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება სურთ - საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა, სადაც შესაძლებელია დიდი კაპიტალის დაბანდება და ბიზნესსაქმიანობის წარმატებით წარმართვა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სავიზიტო ბარათი გახდება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის, ისე ზოგადად ეკონომიკის განვითარებას", - აცხადებს ვასილ ფხაკაძე.

მისივე ინფორმაციით, ცათამბჯენის პროექტირებაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული სტუდია მუშაობს.

"პროექტზე მუშაობს მსოფლიოში უმსხვილესი არქიტექტურული კომპანია - ამერიკული Gensler-ი. სწორედ მათი ჩართულობით ხდება პროექტის განვითარება. ამჟამად მიმდინარეობს დიზაინის დამუშავების ეტაპი, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს შენობის სართულიანობას, ბინების გეგმარებას, მის სხვადასხვა ფუნქციას და ა.შ. შესაბამისად, მეტი დეტალი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით Gensler-ის შესაძლებლობები და გამოცდილება (მათ უკვე აქვთ დაპროექტებული Trump Tower სხვა ქვეყანაში), ვფიქრობთ, რომ მართლაც გამორჩეულ პროდუქტს შექმნიან. დეტალები ჯერჯერობით დაზუსტების ეტაპზეა და როგორც კი საბოლოო პროექტი გვექნება, მას საზოგადოებას გავუზიარებთ", - აღნიშნავს "ბიოგრაფი ლივინგის" აღმასრულებელი დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, The Wall Street Journal-ი წერდა, რომ თბილისის Trump Tower-ი 70-სართულიანი მრავალფუნქციური ცათამბჯენი იქნებოდა და ის დედაქალაქში ყველაზე მაღალი ნაგებობის სტატუსს მიიღებდა. მედიის ცნობით, პროექტი პრემიუმ კლასის საცხოვრებელ ფართებს, რითეილ ზონებსა და სასტუმროს ტიპის ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.

ამერიკულ გამოცემასთან კომენტარში Trump Organization-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ერიკ ტრამპმა აღნიშნა, რომ თბილისის ცათამბჯენი კომპანიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტების განსახიერება იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები