საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ცალკეულ პროფესიებში უცხოელების დასაქმების გასამარტივებლად "თეთრი სიის" შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ ბიზნესგაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ BMG-ის განუცხადა.
საქმე ის არის, რომ შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებები შედის, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. ცვლილებების მიხედვით, იმ პირების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, რომლებიც ვალდებულები არიან საქართველოში მუშაობისთვის 1 მარტიდან შრომითი ნებართვა აიღონ.
ახალი კანონპროექტით შრომითი ნებართვის მოპოვება აღარ მოუწევთ სრულად დისტანციურად მომუშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობით დაკავებულებს. კანონის მოქმედება აღარ გავრცელდება არც იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებს ემსახურებიან. ამასთან, კანონი აღარ ავალდებულებს შრომითი ნებართვის აღებას პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოს დირექტორებსაც.
უცხოელთა დასაქმების გამკაცრების პრაქტიკაში გამოკვეთილ ხარვეზებზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც იმსჯელეს. გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი გვიხსნის, რომ დაინიციირებული ცვლილებები ბიზნესის გამოწვევებს ეხმიანება.
“დირექტორების და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს საბოლოოდ გადაიჭრა, რადგან პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებისთვის ხელმძღვანელობაზე, მათ შორის აუდიტზე, ფინანსურ საკითხებზე და ა.შ., ეს „ზედა ეშელონის“ წარმომადგენლობა ამ კანონის მოქმედების ქვეშ აღარ იქნება.
ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღაცას საქართველოში შემოსვლის ლეგალურ უფლებამოსილებას ვუქმნით. შემოსვლა და ცხოვრება ცოტა სხვა კანონით რეგულირდება, ეს არის „ბინადრობის შესახებ“ კანონი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებით, შრომის უფლების ნაწილში, გარკვეული კატეგორიის უცხოელ მოქალაქეებს გავათავისუფლებთ და ამით იმ ტვირთს, რომელიც შეიძლება კომპანიებისთვის დღეს წარმოიქმნას, ვხსნით.
თუმცა შეიძლება მაინც დარჩეს გარკვეული კატეგორიის პროფესიები, რომლებიც გრძელვადიანად ვფიქრობთ, რომ პრობლემატურია არა მარტო საქართველოში, არამედ გლობალურად. შესაძლებელია იარსებოს „თეთრმა სიამ“ იმ სპეციალობების და პროფესიებისთვის, რომელთა წარმომადგელბსაც საქართველოში შემოსვლა გამარტივებული წესით შეეძლებათ.
აქ ეკონომიკის სამინისტროსთან ალბათ მეტი კონსულტაციაა საჭირო, რადგან არის სექტორები მაგალითად, ავიაცია ან ენერგეტიკა, სადაც მაღალპროფესიული, კვალიფიციური კადრები გლობალურად ჭირს. შესაბამისად, ამ მიმართულებით შეიძლება გარკვეულ გამონაკლისებზე ვიფიქროთ.
IT უკვე გვაქვს გამონაკლისებში, იქ სამწლიანი ვიზაა და 40 000-ზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანები ამ რეგულაციის მიღმა ხვდებიან. ვფიქრობთ, რომ ვიმუშაოთ იმაზე, რომ IT-ის მსგავსად, ავიაცია, ენერგეტიკა ან მსგავსი სექტორები მოხვდნენ სიაში და იქ უკვე კონკრეტულ სპეციალობებზე შევთანხმდეთ”, - ამბობს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.




























