მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წარმადობის ზრდა, ახალი ფოლადსადნობი ქარხანა... - როგორია "ჯორჯია მეტალის" განვითარების გეგმა?

ჯორჯია მეტალი

წარმადობის ზრდა, საგლინავი დანადგარების დამატება, დამატებითი ფოლადსადნობი ქარხნის ამოქმედება - ასეთია „ჯორჯია მეტალის“ მეტალურგიული ბიზნესის განვითარების გეგმა, რომლის ქარხანაც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. კომპანიის დირექტორმა გიორგი ანთიძემ ზესტაფონში, ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალზე, სამომავლო პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტები სირთულით და ინვესტიციებით არსებულს აღემატება.

„2018 წელს კომპანიის დამფუძნებლებმა ზურაბ ღიბრაძემ და ავთანდილ კოჩაძემ მიზნად დაისახეს საბჭოთა საქართველოს შემდეგ ასეთი მასშტაბური, დიდი სიმძლავრის საწარმოს შექმნა. „ჯორჯია მეტალი“ ყოველწლიურად მინიმუმ 400 000 ტონა არმატურას აწარმოებს. იმის გათვალისწინებით რომ არმატურა საიმპორტო საქონლის ათეულშია, ამ ქარხნის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოური ვალუტის ქვეყნიდან გადინების შემცირებას, რადგან იმპორტი სრულად ჩანაცვლდება.

2020 წლიდან მსოფლიოს არ მოჰკლებია გლობალური კატაკლიზმები, იქნებოდა ეს პანდემია თუ ომები. ამ სირთულეების მიუხედავად, კომპანიის დამფუძნებლებმა გმირული თავდადებით შეძლეს დასახული მიზნის მიღწევა. არცერთი ადგილობრივი თუ უცხოელი ინვესტორი არ დააბანდებს ინვესტიციას არაპროგნოზირებად ქვეყანაში. დღევანდელი შედეგის მიღწევა იყო რწმენა იმისა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ხელისუფლება ინვესტორებისთვის მეგობრულ და ჯანსაღ გარემოს, მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს. აღნიშნულ გარემოებას კი შესაბამისი დადებითი შედეგები მოაქვს.

ეს მეტალურგიული ქარხნის პროექტის პირველი ეტაპია. მეორე ეტაპი კი იქნება ზომების სრული დივერსიფიკაცია, გლინულას წარმოებისთვის საჭირო დანადგარების დამატება და ექსპორტის მიმართულებით გააქტიურება. მიმდინარე საქმის პარალელურად, ჩვენი ტერიტორიის მომიჯნავედ ვიწყებთ ფოლადსადნობი ქარხნის მშენებლობას, რომელიც თავისი სირთულით და ინვესტიციის მოცულობით არსებულსაც სცდება.

400-ზე მეტი თანამშრომლიდან 95% ადგილობრივი მოსახლეობა, ყოველი ეტაპის განხორციელების შემდეგ ჩვენი მინიმუმ გავაოთხმაგებთ სამუშაო ადგილების რაოდენობას“, - განაცხადა გიორგი ანთიძემ.

ზესტაფონის სოფელ არგვეთაში $80-მილიონიანი ინვესტიციით, კომპანია "ჯორჯია მეტალის" ქარხანა ოფიციალურად დღეს გაიხსნა. მისი წარმადობა 400,000 ტონა არმატურის გამოშვებაა. კომპანიის ხელმძღვანელები იმპორტის ჩანაცვლებას და საქონლის ექსპორტზე გატანას გეგმავს.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, საწარმოს აქციონერები არიან ბიზნესმენები ზურაბ ღიბრაძე (90%) და ავთანდილ კოჩაძე (10%). ისინი ამავდროულად ფლობენ იმერეთში არსებული მანგაზენის გადამმუშავებელი კომპანიის GTM ჯგუფის წილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები