პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ასევე რეგიონის ყველა ქვეყნისთვის.
პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან.
„აქაც ვიზიტების კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ ბრიუსელის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტები განვახორციელე სწორედ მეზობელ ქვეყნებში. იყო ვიზიტი ბაქოში, ერევანში, ანკარაში, სადაც სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა. რა თქმა უნდა, მომავალშიც მაქსიმალური ძალისხმევა იქნება გაწეული იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ის ტრადიციული მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ამ სამ ქვეყანასთან გვაკავშირებს. ასევე ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც რა თქმა უნდა, მთელი რეგიონის ინტერესებშია. წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ერთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა, 2022 წლიდან 2023 წლამდე ვიზიტორების რაოდენობა კი 30%-ით გაიზარდა.
ინდოეთთან ვითარდებოდა აქტიურად ჩვენი ურთიერთობები. ინდოეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში რეზიდენტი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ინდურმა ავიაკომპანია IndiGo-მ დელი-თბილისი-დელის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით პირდაპირი ფრენების შესრულება დაიწყო", - თქვა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა რჩება.
"ჩვენ განვაგრძობთ წარმატებული არაღიარების პოლიტიკის წარმოებას. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ დიპლომატს ამ ყველაფერში შეტანილი წვლილისთვის. მადლობა პირადად მინისტრს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეების უფლებების დაცვა, ესეც არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზედაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა, მათ შორის, ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში. მინდა აღვნიშნო ცალკე, რომ 7 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, სადაც დაფიქსირდა რეკორდულად ყველაზე მაღალი მხარდაჭერა, 103 ხმა მიიღო ამ რეზოლუციამ და ამისათვის კიდევ ერთხელ პირადად მინისტრს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თითოეულ ჩართულ დიპლომატს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო.ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევებზე. იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ამ დავის მოგება. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლომდე დაიცვა ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟი, სახელმწიფოს ღირსება, ჩვენი ჯარის ღირსება და რა თქმა უნდა, მომავალშიც მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული აქეთკენ“, - განაცხადა პრემიერმა.