მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წარმოება გაზრდილია, მაგრამ თანხობრივ მაჩვენებელში ეს არ ჩანს" - "ნოვა" წლის I ნახევარს აჯამებს

ედიშერ ხიმშიაშვილი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია ნოვას“ გენერალური დირექტორის ედიშერ ხიმშიაშვილის შეფასებით, 2025 წლის I ნახევარში ნოვას“ წარმოება გაიზარდა, მაგრამ პროდუქციის გაყიდვების თანხობრივ მაჩვენებელში ეს არ ჩანს“.

დღეისათვის, კომპანია 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს და არაერთი პროდუქციის იმპორტიორი და რეალიზატორია საქართველოში. „ნოვა“ 1000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს ქვეყანაში.

2025 წლის ორი კვარტალის შედეგების განმსაზღვრელ ფაქტორებს ედიშერ ხიმშიაშვიმა BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ისაუბრა.

- ნოვაში“ წლის პირველი ორი კვარტალი უკვე შევაჯამეთ და მინდა გითხრათ, რომ გაყიდვების მიმართულებით, დაახლოებით, იმ მაჩვენებლებზე ვართ, სადაც გასულ წელს ვიყავით ანუ არც ზრდაა და არც კლება... მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩვენ ვითვლით შემოსავლებს ლარში და ბიზნესი დიდწილად დამოკიდებულია როგორც ეროვნული ვალუტის კურსზე, ასევე იმპორტირებული პროდუქციის ფასზე და სხვა უამრავ საკითხზე. ჩვენ შემთხვევაში, გაყიდვების თანხობრივად არგაზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ფასების კლება იმ პროდუქტებზე, რის იმპორტს და რეალიზაციას ვახორციელებთ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ზე მეტად არის გაიაფებული საქონელი - ვგულისხმობ ძირითად პროდუქტებს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ - ესაა მეტალის გადახურვის საშუალებები, მეტალის მილები, პოლიეთილენის პროდუქცია და ა.შ. ამ მიმართულებებით ჩვენ ფასის ზრდა არ გვაქვს, არამედ - პირიქით. მეორე მხრივ, რაოდენობრივი თვალსაზრისით წარმოების ციფრები გაზრდილია, თუმცა ეს არ გამოიხატება თანხობრივ ზრდაში.

- ასეთი შედეგი კომპანიისთვის როგორი მაჩვენებელია?

- შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპანიისთვის სტაბილური გარემოა... იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ოთხი წელია ნოვა“ 10-15%-იან ზრდის მაჩვენებლებს აფიქსირებს, ამ შემთხვევაში, ჩვენ ყურადღებას უფრო ვაქცევთ რაოდენობრივ ზრდას, რადგან ეს მნიშვნელოვანია მოთხოვნის ზრდის ან კლების იდენტიფიცირებისთვის, რომ არ იყოს მასობრივი კლება. არის პერიოდები, როცა ასე ხდება, არის პერიოდები როცა პირიქით ხდება...

- მოკლედ, წლის პირველ ნახევარში სამშენებლო-სარემონტო მასალებზე მოთხოვნის ზრდა შენარჩუნებული იყო?

- შეიძლება ითქვას, რომ ამას ვერ დავარქმევთ განსაკუთრებულ ზრდას. არის ზრდა, მაგრამ - უმნიშვნელო, თუმცა ამ შემთხვევაშიც აღსანიშნავია, რომ ნოვა“ უამრავ პროდუქტს აწარმოებს, ასევე, ბევრი პროდუქტის ექსკლუზიური იმპორტიორები და რეალიზატორები ვართ საქართველოში და შესაბამისად, მაჩვენებელიც სხვადასხვაა, თუმცა საერთო ჯამში, წინა წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, მოთხოვნა 5-7%-ითაა გაზრდილი.

წერტილთან“ ინტერვიუში ედიშერ ხიმშიაშვილმა ექსპორტის მიმართულებით დასმული კითხვის პასუხად, ნოვას“ პროდუქციის სპეციფიკაზე ისაუბრა, რატომაც ექსპორტი ნაკლებად კონკურენტუნარიანია, მაგრამ აღნიშნა, რომ კომპანიაში სხვა ქვეყნების ათვისების პოტენციალზე მსჯელობენ.

ნოვას“ წარმოების მთელი ლოგიკა აგებულია ლოგისტიკის ღირებულებაზე ანუ ჩვენ საქართველოში ვაწარმოებთ ისეთ პროდუქტებს, რომლის თვითღირებულებაში ლოგისტიკის წილი არის მაღალი. კერძოდ, ჩვენი წარმოების ძირითადი ლოგიკა აგებულია გაბარიტულ პროდუქტებზე, რომლის წონა შედარებით ნაკლებია, მაგრამ მოცულობა არის დიდი, რაც ტრანსპორტირებას აძვირებს. ეს სტრატეგია გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას როგორც რეგიონში და მსოფლიოში არსებულ მწარმოებლებთან შედარებით. ამდენად, იგივე ლოგიკით ძალიან რთულია ამ პროდუქტების ექსპორტი“, - განაცხადა ედიშერ ხიმშიაშილმა და იქვე აღნიშნა, რომ ქართველ მწარმოებლებში დაგროვილი გამოცდილება უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართულმა ბიზნესებმა უფრო დიდ ბაზრებზეც სცადონ ბედი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები