ქობულეთში, მდინარე კინტრიშზე გაშენებულმა მეურნეობა Georgian Fish and Caviar-მა ზუთხის შავი ხიზილალა ექსპორტზე გაიტანა. როგორც BM.GE-სთან გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ შუბლაძე აღნიშნავს, დუბაიში ექსკლუზიურ წარმომადგენლობაზე პარტნიორობა ერთ-ერთ კომპანიასთან უკვე გაფორმებულია.
"დუბაიში ჩვენს პარტნიორებს ექსკლუზიური წარმომადგენლობის უფლება უკვე მივეცით და პირველი ექსპორტისთვის მიმდინარეობს მზადება. 2026 წლისთვის უკვე გვაქვს ძალიან დიდი შეკვეთა დუბაიდან, გალფის ქვეყნების მიმწოდებლებიც ჩვენ ვიქნებით, ამიტომ წელს მთლიანად შავ ხიზილალაზე ვართ ფოკუსირებული.
ჩვენს ხიზილალაზე მოთხოვნა ძალიან დიდია, მაგრამ ჩვენ თვითონ ჩამოვყალიბდით, რომ პროდუქტი ჯერჯერობით მხოლოდ ყურის ქვეყნებს მივაწოდოთ, ხიზილალის მინიმუმ 75% უცხოურ ბაზარზე რეალიზდება. უბრალოდ რაოდენობრივად ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ამაზე მეტი არ ვაწარმოოთ, ვიდრე ახლა გაგვაქვს დუბაიში, აბუ-დაბისა და სხვა ქვეყნებსა და ქალაქებში. ამიტომაც არიან ისინი ჩვენი ძირითადი კლიენტები", - აღნიშნა მარიამ შუბლაძემ.
საოჯახო მეურნეობა დაცულ ტერიტორიაში 3.5 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც თევზი 12-მდე აუზშია მოშენებული. როგორც კომპანიის წარმომადგენელი გვიხსნის, ხიზილალას წარმოება სეზონურია და ამინდებზეა დამოკიდებული.
"აქამდე რამდენიმე აუზი გვქონდა სავსე, წელს ყველა შევავსეთ და კიბორჩხალას შემოყვანასაც ვგეგმავთ. არ გვაქვს ყოველდღიური წარმოება, რადგან ხიზილალასთვის თევზს არ ვკლავთ, წარმოებაც ცივ დღეებზე და ამინდებზეა დამოკიდებული. წლის განმავლობაში, საშუალოდ, 1 ტონამდე შავი ხიზილალას წარმოებაა შესაძლებელი.
სატესტო რეჟიმში ვაწარმოებთ შებოლილ ზუთხსაც, თუმცა გაყიდვაში ჯერ არ გვაქვს", - აღნიშნა Georgian Fish and Caviar-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა.
მარიამ შუბლაძემ BM.GE-სთან ქართული ხიზილალის კონკურენტუნარიანობაც შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, პროდუქტის საექსპორტო ფასი მწარმოებლის საფასო პოლიტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა კომპანია ცდილობს, ფასები საერთაშორისო ბაზრის მიხედვით დაარეგულიროს.
"ჩემი აზრით, კონკრეტულად ჩვენი წარმოების შავი ხიზილალა ძალიან კონკურენტუნარიანია. ვიყავით გალფის ქვეყნების გამოფენაზეც, შევხვდით სხვადასხვა მწარმოებლებსაც, პოტენციურ პარტნიორებსაც, იყო დეგუსტაციები, ფესტვალზეც და სანამ ექსპორტზე გავიდოდით მანამდეც, აქაც ბევრი ადამიანი იყო ჩამოსული, პოტენციური პარტნიორები. ისინი აღფრთოვანებული არიან ხარისხით და შესაბამისად გააკეთეს შეკვეთაც ჩვენთან"კ, - განაცხადა მარიამ შუბლაძემ.
Georgian Fish and Caviar 2014 წელს დაფუძნდა და საწყისმა ინვესტიციამ ₾10 მილიონი შეადგინა.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, წელს იანვარ-ივლისში ქვეყნიდან 800 კგ-მდე ზუთხის ხიზილალა $389 ათასად გაიყიდა, რაც 53.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























