მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წარმოუდგენელია ბიზნესმა ისე დაგეგმოს მოთხოვნა, რომ ეს განათლების სისტემისთვის სახელმძღვანელო იყოს - ნინო ნიაური

ნინო ნიაური

სპეციალისტების ნაწილი მთავრობის გეგმას, შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყოს, ნეგატიურად აფასებს.

საქმე ისაა, რომ ეკონომიკის სამინისტრო შრომის ბაზრის კვლევას ატარებს, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორი იქნება შემდეგ უახლოეს რამდენიმე წელში შრომის ბაზრის მოთხოვნები. მთავრობა გეგმავს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყოს.

როგორც One Point - HR Outsourcing-ის მმართველმა პარტნიორმა, ნინო ნიაურმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, შეუძლებელია, ბიზნესმა თავისი მოთხოვნები იმგვარად დააყენოს, რომ ეს განათლების სისტემისთვის სახელმძღვანელო იყოს. მისივე თქმით, შრომის ბაზარი ნაკლებად პროგნოზირებადი და სწრაფად ცვალებადია, განსაკუთრებით ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, შესაბამისად, ამ მიმართულებით გრძელვადიანი დაგეგმვა შეუძლებელია.

„ეს თემა არ არის ასეთი მარტივი საკვლევი და მარტივი განსასაზღვრი, რა სჭირდება შრომის ბაზარს. ეს ბაზარი არ არის პროგნოზირებადი. პანდემიის შემდეგ ბიზნესმა კარგად დაინახა, რომ გრძელვადიანი დაგეგმვა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ადრე იყო მაგალითად, რომ კომპანიები აკეთებდნენ 10-წლიან სტრატეგიას, მერე გახდა ეს 5-წლიანი, შემდეგ 3-წლიანი. დღეს უკვე 1-წლიანი სტრატეგია კეთდება და წლის განმავლობაში აუცილებლად ხდება მისი გადახედვა.

წარმოუდგენელია, ბიზნესმა ისე დაგეგმოს თავისი რესურსები და თავისი მოთხოვნა ისე დააყენოს, რომ ეს იყოს განათლების სისტემისთვის სახელმძღვანელო, სისტემისთვის, რომლის რეფორმაც 25 წელზე არის გათვლილი. ეს არ არის ერთწლიანი და ორწლიანი პროცესი რომ თანხვედრაში იყოს ბიზნესთან. თანაც, საქართველოს ბაზარს თუ ვიკვლევთ, საერთოდ არარელევანტურია ეს კვლევა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ კონკურენციაში ლოკალურად, ჩვენ ვართ კონკურენციაში მსოფლიო ბაზართან, ევროპასთან და ამერიკასთან.

კვლევის შედეგები ჯერ არ გვაქვს და უკვე აცხადებენ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს, მაშინ რის საფუძველზე ამბობენ ამას. ანუ, რის საფუძველზე გადაწყვიტეს, რომ საერთოდ რაოდენობაა გასაზრდელი? რომელ ფაკულტეტებზე ზრდიან რაოდენობას? იქნებ პირიქით შესამცირებელი გვაქვს?

ლაპარაკია იმაზე, რომ სასკოლო განათლებაც კიდევ ერთი წლით უნდა შევამციროთ, მერე უმაღლესი განათლება კიდევ ორი წლით უნდა შევამციროთ და ჯამში სამი წელი კიდევ მოვაკლოთ ადამიანებს, რომლებიც დასაქმების ბაზარზე გამოდიან. ჩვენ ისედაც ვიღებთ რესურსს, რომელსაც ძალიან უჭირს უნარების ნაწილში. [განათლების რეფორმის შედეგად] ერთი წლით და ორი წლით კი არ დავიხევთ უკან, ამ რეფორმების შედეგად ჩვენ ძალიან დიდი უკუსვლა გვექნება“, - განაცხადა ნინო ნიაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები