თერთმეტი წლის წინ, სმარტფონების ეკრანებზე გამოსახულმა ყვითელმა ჩიტმა მსოფლიო გააერთიანა. სწორედ ათი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც სმარტფონებზე Flappy Bird-ი გამოჩნდა - ვიდეოთამაში, რომელსაც გამოშვებიდან რამდენიმე თვეში ორმოცდაათი მილიონი გადმოწერა დაუგროვდა. არადა, Flappy Bird-ის მექანიკა არაფრით იყო გამორჩეული, ხოლო თავად გამოსახულება პიქსელირებული იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერტიკალურ მილებს შორის ყვითელი ჩიტის უსაფრთხოდ გატარებით მილიონობით ადამიანი ერთობოდა. თავად თამაში პროგრესულად რთულდებოდა, რის გამოც ადამიანების ნაწილი მწყობრიდან გამოდიოდა.
Flappy Bird-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეოთამაშია, მით უფრო, რომ მისი შექმნა ფაქტობრივად არაფერი დაჯდა. Flappy Bird-ი ვიეტნამელმა დეველოპერმა, დონგ ნგუიენმა შექმნა და ფინანსურადაც იხეირა, რადგან იყო დრო, როცა ეს მარტივი თამაში დღეში $50,000-ის მოცულობის სარეკლამო შემოსავალს აგენერირებდა. თუმცა ფული, როგორც ჩანს, დონგ ნგუიენს საერთოდ არ ადარდებდა, რადგან 2014 წლის 10 თებერვალს დეველოპერებმა ვიდეოთამაში App Store-დან და Google Play-დან წაშალა. მას შემდეგ, ბაზარზე რამდენიმე მსგავსი თამაში გამოჩნდა, მაგრამ Flappy Bird-ის წარმატება ვერც ერთმა ვერ გაიზიარა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დონგ ნგუიენმა Flappy Bird-ი ინტერნეტიდან იმიტომ გააქრო, რომ ამ ვიდეოთამაშმა, რომელსაც დეველოპერი დიდ წარმატებად მიიჩნევს, მისი მარტივი ცხოვრება გაანადგურა. თამაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ დეველოპერს ყოველდღიურად აწუხებდნენ, როგორც ჟურნალისტები, ასევე მოთამაშეები და მანიაკალური გადახრების მქონე პირები, რომლებიც ნგუიენს მუდმივად უთვალთვალებდნენ. ამასთან, ბევრ ადამიანს Flappy Bird-ზე დამოკიდებულება გაუჩნდა, რაც ის წითელი ხაზი იყო, რომლის გადალახვა დეველოპერს არ სურდა.
როგორც ჩანს, მომდევნო წლებში დონგ ნგუიენი ვიდეოთამაშს სრულად ჩამოშორდა, რადგან მიმდინარე წლის ოქტომბერში Flappy Bird-ი ჯერ ვებბრაუზერის თამაშის ფორმატში დაბრუნდება, 2025 წლის დასაწყისში კი - სმარტფონებზე. ამჯერად, ვიდეოთამაშის ვრცელ ვერსიას The Flappy Bird Foundation-ი გამოუშვებს, რომელიც ვიდეოთამაშის გულშემატკივრებისგან შემდგარი დაჯგუფებაა. მათ სურთ, კაცობრიობას Flappy Bird-ი დაუბრუნონ. Flappy Bird-ის საავტორო უფლებები ფონდმა ამერიკული Gametech Holdings-ისგან შეიძინა, რომელმაც, როგორც ჩანს, სავაჭრო ნიშანი თავად დონგ ნგუიენისგან მიიღო. The Flappy Bird Foundation-ის საკუთრებაში ვხვდებით Piou Piou vs. Cactus-საც ვხვდებით - ვიდეოთამაშს, რომელიც, როგორც ჩანს, Flappy Bird-ის ინსპირაციად იქცა.
გამომდინარე იქიდან, რომ Flappy Bird-ი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაში იყო, ხოლო მოთამაშეებმა მისი ღირებულება მას შემდეგ დააფასეს, რაც ის App Store-დან და Google Play-დან გაქრა. შედეგად, სმარტფონებმა, რომლებზეც თამაში იყო ჩაწერილი, მეორეულ ბაზარზე გადაინაცვლა, სადაც ისინი $1,500-დან $10,000-მდე შუალედში იყიდებოდა. დონგ ნგუიენის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ Flappy Bird-ის გარშემო ერთგვარი კულტი გააჩინა, რომელსაც, შესაძლოა, წელს ახალი მიმდევრები გამოუჩნდნენ.