ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია "ცაცია ოსტატი" საწარმოში რებრენდინგს ახორციელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან საწარმოს დამფუძნებელმა, შოთა შანშიაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მათი მიზანი ბრენდის ადგილობრივ ბაზარზე პოპულარიზაციაა. შემდეგ კი, როდესაც ბრენდირება დასრულდება, იგეგმება მოლაპარაკებების განახლება და რამდენიმე მაღაზიაში პროდუქციის განთავსება.
"აქტიურად ვმუშაობთ ახალი სათამაშოების კოლექციაზე, პარალელურად, გრანტი მოვიპოვეთ, რითაც კომპანიის მთლიან რებრენდინგს ვაკეთებთ. ანუ, შეიცვლება კომპანიის ლოგო, ამასთან განისაზღვრება სტრატეგიები, არ გვქონდა ბრენდბუქი, რომელიც შეიქმნება, თუმცა სახელი იგივე დარჩება. კომპანიამ, რომელიც რებრენდინგს გვიკეთებს, გვირჩია, რომ სახელი იგივე დაგვეტოვებინა, რადგან უცხო და დასამახსოვრებელია ყველასათვის.
ბრენდის სრული რებრენდინგი, დაახლოებით 22 000 ლარის ინვესტიციას მოითხოვს. გვექნება მარკეტინგული აქტივობები, რათა ბაზარზე ვპოზიციონირდეთ, დავბრენდოთ პროდუქცია და ა.შ", - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა და აღნიშნა, რომ საქართველოში სათამაშოების ბაზრის 99% იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის, ამიტომაც, პირველ რიგში, მათი მიზანი სწორედ ადგილობრივ ბაზარზე უფრო მეტად წარმოჩენა იქნება. შემდეგი მიზანი კი, უკვე საერთაშორისო ბაზარზე გასვლაა.
შანშიაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, "ცაცია ოსტატს" 3 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული გუნდის გაფართოება.