"ოცნების" მთავრობის გეგმით, იმ უწყებების შენობები, რომლებიც სამთავრობო ქალაქში გადავა, გასხვისდება. “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ დაანონსებული პრივატიზაციით ხელისუფლება ბიუჯეტის სწრაფად შევსებას ცდილობს. მისივე შეფასებით, ამან შესაძლოა კორუფციის რისკები გააჩინოს.
“ეს არის კვლავ კორუფციული ინტერესი, რაც შეიძლება სწრაფად და სანამ რეჟიმი ძალაუფლებას ფლობს, მოახერხონ და ქალაქში არსებული საუკეთესო საინვესტიციო ობიექტები - იქნება ეს პარლამენტის შენობა თუ სხვადასხვა სამინისტროების შენობები, რომლებიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული, სწრაფად გაასხვისონ. ამავე კონტექსტში ჯდება ე.წ საუნივერსიტეტო რეფორმა, როდესაც პირდაპირ დააანონსეს, რომ უნივერსიტეტების ბევრი შენობაც შესაძლებელია საპრივატიზებო ნუსხაში აღმოჩნდეს. აქ არის მაღალი კორუფციული ინტერესი, რომ თავად, იაფად, ხელში ჩაიგდონ ეს ქონება.
და მეორე - ბიუჯეტისთვის გააჩინონ სწრაფი შემოსავალი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, ეკონომიკის მდგომარეობა ქვეყანაში არ იძლევა გარანტიებს იმ მრავალმილიარდიანი ბიუჯეტის შევსების, საიდანაც შემდგომ სჭირდება რეჟიმს საკუთარი მომსახურე აპარატის დაფინანსება, რომელზედაც დგას კიდეც. ამიტომ, მეორე მთავარი მიზანი ეს არის. ამ ქონების რეალიზების პრობლემა დიდი არ იქნება, იმიტომ რომ საუკეთესო საინვესტიციო ობიექტებია ქალაქში. ბიუჯეტში გაუჩნდებათ სწრაფი შემოსავალი, რაც მათ საშუალებას მისცემთ, რომ გადააგორონ ის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ახლა აქვთ,”- ამბობს “სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე bmg-სთან.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე, ახალ საოფისე შენობებში გადატანას გეგმავს - ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევიდან ირკვევა. ბაზრის მოკვლევის თანახმად, განიხილება როგორც კონკრეტული სამინისტროების, ასევე მთლიანად მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის შენობის და თბილისის მერიის არსენალის მთაზე გადატანის შესაძლებლობაც.




























