2025 წელს საქართველოში დარიჩინის იმპორტი შემცირებულია. მიმდინარე წლის იანვარ–ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში დარიჩინის იმპორტმა 92 ათასი დოლარი და 27 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლებას აჩვენებს.
კერძოდ, 2024 წლის იანვარ–ნოემბერში საქართველოში დარიჩინის იმპორტი 136 ათას დოლარს და 34 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს იმპორტის ღირებულება 32.3%-ით, ხოლო მოცულობა 20.5%-ით არის შემცირებული.
2025 წლის 11 თვის მონაცემებით, დარიჩინის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე ვიეტნამი ლიდერობს - საქართველომ ამ ქვეყნიდან 22 ათასი დოლარის ღირებულების, 11 ტონა დარიჩინი შემოიტანა. მეორე ადგილზეა, უკრაინა 18 ათასი დოლარით, თუმცა მოცულობით მხოლოდ 1 ტონით. მესამე პოზიციას ბულგარეთი იკავებს - 17 ათასი დოლარი და 3 ტონა.
ტოპ ხუთეულში ასევე შედიან არაბთა გაერთიანებული საამიროები, საიდანაც საქართველოში 12 ათასი დოლარის ღირებულების, 6 ტონა დარიჩინი შემოვიდა, და თურქეთი - 5 ათასი დოლარი და 40 კილოგრამი.




























