მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს ალბათ 60%-ით ნაკლებ მოსავალს მივიღებთ" - "იაგოს ღვინო"

იაგო ბიტარიშვილი

სეტყვამ ძალიან დაგვაზარალა და წელს დაახლოებით 60%-ით ნაკლებ მოსავალს მივიღებთ", - ამის შესახებ "იაგოს ღვინის" დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა BMG-სთან განაცხადა. 

მისი თქმით, წელს მევენახე-მეღვინეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული წელია, რადგან კლიმატურმა პირობებმა საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონი დააზარალა, შესაბამისად წელს ყურძნის დაბალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან, რაც თავისთავად ღვინის ხარისხზეც უარყოფითად აისახება, ამიტომ მეღვინეებს მარანში დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ, რომ მცირე რაოდენობის მოსავლიდან მიღებული ღვინის ხარისხის შენარჩუნება შეძლონ. 

"10-15 წელია მევენახეებისთვის ასეთი რთული წელი არ მახსოვს. ეს ყველაფერი გაზაფხულიდან დაიწყო, ჯერ უხვმა ნალექმა შექმნა პრობლემები, შემდეგ მაღალმა ტემპერატურამ, უამინდობას კი ბოლოს სეტყვაც დაერთო, რომელმაც დაავადებებისგან გადარჩენილი ყურძენიც დააზიანა. ეს გამოწვევები იყო მთელს საქართველოში, არა მხოლოდ კახეთში. შესაბამისად, წელს ცოტა მოსავალი იქნება, ასევე დაბალი ხარისხისაც და გამომდინარე იქიდან, რომ ღვინის ხარისხი ყურძნის ხარისხზეა დამოკიდებული, გვინდა არ გვინდა ღვინის ხარისხის პრობლემაც დადგება", - ამბობს მეღვინე. 

იაგო ბიტარიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ არსებული რეალობა განსაკუთრებით გამოწვევა მცირე მარნებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც წინა წლებიდან შემორჩენილი ღვინის მარაგები არ აქვთ, ხოლო დიდი ქარხნები მიმდინარე რთულ წელს შედარებით მარტივად გადაიტანენ, რადგან მათ შესაბამისი რეზერვები აქვთ, რის ხარჯზეც სარეალიზაციო ბაზარზე მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის დარღვევას თავიდან აირიდებენ. 

რაც შეეხება კლიმატურ პირობებთან გამკლავების მექანიზმებს, მეღვინეს მიაჩნია, რომ ამ პროცესში სახელმწიფო და მარნები ერთდროულად უნდა ჩაერთონ. 

"ეს კლიმატური კატაკლიზმები, რომლებიც, სამწუხაროდ, მომავალში უფრო მძაფრი გახდება, შესაბამისად უნდა იმართოს, რადგან შეგვიძლია, რომ პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ - იქნება ეს კლიმატის წინასწარი კონტროლი, სეტყვის საწინააღმდეგო მექანიზმები თუ დაზღვევის სისტემის მევენახეებზე უფრო მეტად მორგება, ამ ყველაფერზე სამუშაოა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო მარნების მხრიდან, მხოლოდ მარნებს ამ რესურსის ერთიანად გაღება ძალიან გაუჭირდებათ", - აცხადებს "იაგოს ღვინის" დამფუძნებელი BMG-სთან საუბრისას. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები