მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს "ბამბარა" წარმადობის ზრდას გეგმავს

ბამბარა

მიმდინარე წელს, ბამბის ნაყინის მწარმოებელი კომპანია „ბამბარა“ წარმადობის ზრდას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ანი ბურდულმა განუცხადა.

კომპანია მომხმარებელს ბამბის ნაყინს ხუთ ძირითადი არომატით სთავაზობს - მარწყვი, ქოქოსი, საღეჭი რეზინის არომატი და პიტნა ტროპიკული ხილით.

„ბამბარას“ დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანიამ გასულ წელს სარეალიზაციო არეალი გააფართოვა და ამ დროისათვის ხელმისაწვდომია ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ბაკურიანში და რუსთავში. ამასთან, “ევროპროდუქტის” 34 ფილიალიც დაემატა, რამაც რეგიონში გაფართოებას შეუწყო ხელი. ანუ, კომპანიას პროდუქცია ჯამში 45 ობიექტში შეაქვს.

ბურდულის ცნობით, სარეალიზაციო არეალის ზრდამ იმდენად გაამართლა და მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, რომ წარმადობის ზრდა გახდა საჭირო.

„შეიძლება ვთქვათ, რომ სარეალიზაციო არეალის ზრდამ იმდენად გაამართლა, რომ წარმადობის ზრდა გახდა საჭირო, რათა ბაზრის დაკმაყოფილება მოხდეს. ვსაჭიროებთ ახალ აპარატს, რომელიც წარმადობას 50-100%-ით გაზრდის. ამასთან, მოვიგებთ დროსაც, რომელიც წარმოების პროცესში იხარჯება. ახალი დანადგარის საყიდლად, დაახლოებით 10000 ლარის ინვესტიცია არის საჭირო. ასევე, კადრებს ვეძებთ, რომელსაც წარმოების პროცესს შევასწავლით. მხოლოდ მე ვაკეთებ ამ ყველაფერს და იმისათვის, რომ სხვა მიმართულებითაც გავაქტიურდეთ და სხვა რაღაცებზე გადავერთოთ, 3 ადამიანის დასაქმებას ვაპირებთ.

მომხმარებლებს ბამბის ნაყინს ქოქოსის, მარწყვისა და საღეჭი რეზინის არომატით ვთავაზობთ, რომელიც ბაზარზე, საცალო და სასაჩუქრე შეფუთვებითაა წარმოდგენილი. სასაჩუქრე ყუთებში სამი ძირითადი გემოს გარდა, სეზონის მიხედვით კიდევ სხვა არომატის ბამბის ნაყინიც არის მოთავსებული. რაც შეეხება ფასებს, საცალო გაყიდვის შემთხვევაში "ბამბარას" ფასი 5,90 ლარია, ხოლო სასაჩუქრე ყუთების შემთხვევაში 30-35 ლარი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არსებული ფასები შევინარჩუნოთ“,- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია „ბამბარას“ ბრჭყვიალები, რომელსაც მომხმარებელი სასმელში აგდებს. ამასთან, კომპანიამ მომხმარებლის რჩევით, ცოტა ხნის წინ დაბადების დღის მისალოცი შეფუთვის წარმოება დაიწყო.

ცნობისთვის: "ბარბარამ" ოპერირება 2022 წელს 10 000 ლარიანი ინვესტიციით დაიწყო, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა შეფუთვითა და არომატით ბამბის ნაყინს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები