მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, „ჭალელი“ ექსპორტზე ინგლისსა და ფინეთში გავა

ჭალელი

მეღვინეობა „ჭალელი“ რომელიც ბაზარზე 2 წელია ოპერირებს, წელს ექსპორტზე ინგლისისა და ფინეთის ბაზარზე გადის. ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობა „ჭალელის“ დამფუძნებელმა, ჯაბა აბაიშვილმა განაცხადა.

მეღვინეობამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საგრანტო პროგრამის საშუალებით 30 000 ლარის გრანტი მოიპოვა, რითაც ქარელში, სოფელ კნოლევში მარანი ააშენა და ღვინის ჩამოსხმა 2022 წლიდან დაიწყო. კომპანია ამ დრომდე 6 სახის ღვინოს აწარმოებდა, თუმცა გასულ წელს, ცუდი მოსავლის გამო, ღვინის სახეობების 4 ჯიშამდე შემცირება მოუწიათ.

მეღვინეობის დამფუძნებლის ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ღვინის მაღაზია „სასმურში“ და ასევე 8000 მოსავალში ხდება. ამასთან, ექსპორტს გერმანიაში ახორციელებენ და წელს, დღე-დღეზე ინგლისისა და ფინეთის ბაზრებზეც გავლენ.

„ექსპორტზე გერმანიაში 200 ბოთლით გავდივართ. დღე-დღეზე ინგლისსა და ფინეთში 60-60 ბოთლით უნდა გავიდეთ, რაც პირველი გასვლისთვის ჩვენი წარმოების მოცულობებიდან გამომდინარე ნორმალური მაჩვენებელია. ექსპორტზე ჩვენი ღვინოები ღვინის ბარებსა და ბუტიკებში იყიდება.

რაც შეეხება წარმოებას, წელს, წელიწადში 4500 ბოთლი ვაწარმოეთ, ხოლო წინა წელს 2000 ჩამოვასხით. წარმოება კლასიკური მეთოდით, უჟანგავ ცისტერნებში ხდება. აქცენტი ძირითადად ქართლის ჯიშებზე გვაქვს, როგორიცაა ჩინური-გორული მწვანე, ასევე შავკაპიტო, მაგრამ თუ რამე ჯიში მოგვწონს, მასაც ვაწარმოებთ. ამ ეტაპზე, გვაქვს სოვინიონ ბლანი, ფრანგული ჯიშიც. წარმოების რაოდენობა თითქმის 100%-ით გვაქვს გაზრდილი, მაგრამ შევამცირეთ სახეობები, ცუდი მოსავლის გამო. გვინდა, წარმოებაში ზრდის ტენდენცია შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს მაინც მოსავლის ხარისხზეა დამოკიდებული. სამომავლოდ, გვინდა ახალი დანადგარებიც შევიძინოთ, რაც წარმოებაში დაგვეხმარება და ექსპორტის გაფართოებაზე კიდევ ვიფიქრებთ,“- აცხადებს აბაიშვილი.

მისივე ცნობით, ქართლში 1 ჰა ფართობის საკუთარი ვენახები აქვთ, რასაც ღვინის საწარმოებლად იყენებენ, თუმცა შესაბამისი კომპანიებიდან, ყურძნის შესყიდვაც უწევთ, რათა უფრო მეტი პროდუქცია აწარმოონ.

აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა საოჯახო ბიზნესია და მასში 5 ადამიანია დასაქმებული. მეღვინეობამ შარშან მონაწილეობა Wine expo-ზე მიიღო, სადაც ჩინური და გორული მწვანეს ე.წ. კუპაჟის ღვინომ, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები