საქართველოს ეკონომიკა 2024 წლის 10 თვეში 10%-ით გაიზარდა. ორნიშნა ზრდით ქართული ოცნების წევრები თავს იწონებენ და მაჩვენებლებს სწორი რეფორმების შედეგებით ხსნიან. საპირისპიროს ამტკიცებენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ეკონომისტები.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა კონკრეტული ფაქტორებით არის განპირობებული, რომელსაც გრძელვადიანი ეფექტი ვერ ექნება. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია, რის ხარჯზეც საქართველოს როლი შუა დერეფანში გაიზარდა, თუმცა მისი შეფასებით, ეს ეფექტი მილევადია, რასაც მყისიერი გავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკისთვის როლი ითამაშა უძრავი ქონების ბაზარია- ამბობს გიორგი ხიშტოვანი. ხიშტოვანი ამ ნაწილშიც საუბრობს რისკებზე, რასაც საბოლოო ჯამში ბუშტის ეფექტი აქვს. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდის პიკი წელს დასრულდება.
“წელს დამთავრდება ეკონომიკის ზრდის პიკი, სხვა ყველა თანაბარ პირობებში. ნათელია რამდენიმე ძირითადი ფაქტორი რაც არის ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი ეს არის ის რომ ჩვენ გავხდით რუსეთისთვის და მისი პარტნიორებისთვის სანქციების შემოვლის კორიდორი. გავხდით ამ მიწოდების ჯაჭვის ხელოვნურად დამატებული ელემენტი, შესაბამისად, ამ მიწოდების ჯაჭვში საქართველო სარგებლობს ამით.
მაგალითად ავტომობილების ქეისი, ახალი ავტომანქანების რუსეთში გაგზავნაში საქართველო გახდა ერთ-ერთი ნაწილი, საიდანაც სარგებელს იღებს.
მეორე ეფექტი არის უძრავი ქონება. აქ გვაქვს შემთხვევა რომ წინა წლებში მზარდი მოთხოვნისა და ფასის პარალელურად ძალიან დიდი რაოდენობით რესურსები მობილიზდა უპირველესყოვლისა საბანკო სექტორის მხრიდან უძრავი ქონების დაფინანსებისთვის. ჩვენ ეკონომიკის ზრდას ვითვლით, დღგ-ს გადამხდელების ბრუნვიდან გამომდინარე, ეს ბრუნვა გენერირდება, რადგანაც ეს სექტორი ყვავის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სექტორი არის მდგრადი, თუ სხვა თანაბარ პირობებში მოთხოვნა არ იქნება მაღალი. აქ ვხედავთ, რომ მოთხოვნა არის მინიმუმ იმ დონეზე რა დონეზეც იყო შარშან და ფასებიც დაახლოებით იმ დონეზეა. შესაბამისად, ეს არის გადამწყვეტი, რომ ავხსნათ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ორივე არის მაღალი რისკების მატარებელი. ერთი რომ ჩაიკეტება ხელოვნურად შექმნილი კორიდორი და აქედან ჩვენ ნაკლებად ვიხეირებთ. ასევე ეს თუ არის ბუშტი, ის ბუშტები სკდება და ეს გასკდება ძალიან მალე.”-ამბობს გიორგი ხიშტოვანი.