საგარეჯოში მდებარე საოჯახო მეღვინეობა „პონგინო ვაინი“ 2025 წელს პრაქტიკულად 100%-იანი დატვირთვით მუშაობდა.
როგორც მარნის დამფუძნებელი გულნარა რომანაძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, სტუმრობდნენ როგორც კულინარიული გამოცდილებით დაინტერესებული ტურისტული ჯგუფები, ისე ინდივიდუალური სტუმრები.
"ფაქტობრივად მთელი წელი დატვირთული ვიყავით. წელს გვსტუმრობდნენ ტურისტები ისრაელიდან, ამერიკიდან და ევროპის ქვეყნებიდან, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრციდან ყველაზე აქტიურები ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი იყვნენ", - ამბობს რომანაძე.
მისივე ინფორმაციით, გაზრდილი ინტერესის ფონზე, უკვე ფორმირდება მომავალი წლის ჯავშნებიც: აპრილის მეორე ნახევარი და მაისი პრაქტიკულად სრულად არის დაჯავშნილი.
„ყველაზე პოპულარულია ქართული კულინარიის მასტერკლასები, შემდეგ ღვინოების დეგუსტაცია და ვახშამი. ძალიან ხშირად თელავის სახელმწიფო ანსამბლის მომღერლებს ვიწვევთ, რათა სტუმრებმა ქართული ფოლკლორი ახლოს გაიცნონ.
სერვისის ღირებულება, კაცზე 120–200 ლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია მოთხოვნის ტიპზე. ტურისტულ ობიექტზე ერთდროულად 50–55 სტუმრის მიღება შეგვიძლია“, - განმარტავს რომანაძე.
მისივე თქმით, მეღვინეობა სეზონურ ტურებსაც უზრუნველყოფს. წელს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მანდარინის რთველის ტური, რომელიც ნოემბერში მიმდინარეობდა : „მანდარინის რთველზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე ჯგუფს უარი ვუთხარით, რადგან ფიზიკურად შეუძლებელი იყო ყველას მიღება“, - ამბობს ის.
„პონგინო ვაინი“ ამ ეტაპზე ოთხ ქალს ასაქმებს, ხოლო ვენახის მოვლასა და პერიოდულ სამუშაოებში, დამატებით მონაწილეობენ ეკომიგრანტი ქალებიც.
„პონგინო ვაინ“ საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარე მეღვინეობაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მეღვინეობაში პრემიუმ კლასის ადგილწარმოშობის ღვინო - ხაშმის საფერავი, ქისი, მუსკატი და რქაწითელი იწარმოება.




























