ღვინის მწარმოებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ მიუხედავად ჯამურ მონაცემებში კლებისა, მათ შემთხვევაში ექსპორტის ზრდა ფიქსირდება.
როგორც BMG-სთან მეღვინეობა „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი აცხადებს, მათ წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე უკვე გაიტანეს 15000 ბოთლი ღვინო, რაც უკვე აღემატება გასული სრული წლის გაყიდვებს.
შალვა ქურდაძის თქმით, მათი ღვინის მიმართ ინტერესი მზარდია მაღალმსყიდველუნარიან ევროპულ და აზიურ ბაზრებზე. მისივე თქმით, წელს ექსპორტი ისეთ ახალ ბაზრებზე დაიწყეს როგორიცაა მაგალითად, მექსიკა, პარაგვაი, არგენტინა.
“კონკრეტულად ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჩინეთში და რუსეთში არ ვოპერირებთ. შესაბამისად, წელს ჩვენ გავდივართ მაქსიმუმზე. ალბათ რეკორდული საექსპორტო მაჩვენებელი გვექნება, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იაპონია, საფრანგეთი, დაემატა კიდევ ახალი ქვეყნები, მაგალითად, მექსიკა, პარაგვაი, არგენტინა, რაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩვენთვის. უკვე 2026 წლის პირველი ნახევრის მანძილზე, ჩვენ ექსპორტზე უკვე იმდენივე ღვინო გავყიდეთ, რაც შარშან მთლიანი წლის განმავლობაში და ველოდებით, რომ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი მაქსიმუმს მიაღწევს ჩვენი ექსპორტის ისტორიაში.
წელს უკვე ნახევარი წლის მანძილზე 15 000 ბოთლი გავყიდეთ დასავლეთის ბაზრებზე. ჩვენი ღვინო არის პრემიალურ სეგმენტში, საშუალო ქართულ ღვინოზე 2-3-ჯერ ძვირი ღირს, არ არის იაფი ღვინო, საკმაოდ პრემიალურ და სუპერ-პრემიალურ სეგმენტშია. ეს 15 000 ბოთლი მინიმუმ 50 000 ბოთლის ეკვივალენტია იმ ღვინის, რაც მაგალითად, რუსეთში გადის, კაპიკებად რომ ყიდიან ღვინოს და ჩინეთში. ამიტომ მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს დასავლეთის და განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე და ნაკლები რუსეთზე”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ღვინის ექსპორტით 117.1 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით ნაკლებია. გასაღების ძირითადი ბაზარი კვლავ რუსეთია, თუმცა გაყიდვები იქ 72.7 მლნ აშშ დოლარიდან მიმდინარე წელს 69.8 მილიონ აშშ დოლარამდე 3.9%-ით შემცირდა. გარდა თანხისა, შემცირებულია მოცულობაც. ამ შემთხვევაში კლებამ 9.6% შეადგინა.




























