ქართული ხის სათამაშოებისა და მონტესორის საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანია „გოგორა“ წელს, ორ ქართულ მაღაზიაში შედის. ამის შესახებ BM.GE-სთან, კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო რაზმაძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, დაახლოებით 2 თვის შუალედში უნდა დასრულდეს მაღაზია labebe boutique-სა და „მონშუში“ მოლაპარაკებები და შემდეგ უკვე პროდუქციის შეტანას დაიწყებენ.
„პროდუქციის რეალიზაციისთვის მთავარი არხი ჩვენი სოციალური ქსელია, ამასთან წარმოდგენილი ვართ „პატარა ბაზარში“, „საკესა“ და "ბაზარი ორბელიანზე". ხოლო წელს, ახალ მაღაზიებში აუცილებლად შევალთ და სარეალიზაციო არეალს გავაფართოებთ. საწარმოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, მაგრამ მათგან მოთხოვნა მეტწილად საბავშვო განმავითარებელ, ფიზიკური აქტივობებისთვისა და შიდა მოხმარების ავეჯზეა.
ამასთან, აქტიურ თანამშრომლობას ვიწყებთ სახელმწიფო ბაღებთან და ამჟამად, მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. დეკემბერში, თბილისის სახელმწიფო ბაღებში უკვე 120 ერთეულით შევედით და ახლა უკვე რეგიონის ბაღებშიც, მარტიდან იგეგმება შესვლა,“- განაცხადა მან და დასძინა, რომ კომპანია ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში იყურება, რათა წარმოება მდგრადი იყოს.
ინფორმაციისთვის, ქართული ხის სათამაშოებისა და მონტესორის საბავშვო ავეჯის მწარმოებელი კომპანია „გოგორა“ ერთი წელია ბაზარზე უკვე ერთი წელია ოპერირებს. ხოლო საწარმო თბილისსა და აჭარაში აქვთ განთავსებული. დღეის მდგომარეობით, წარმოების სრულად ასამუშავებლად დაახლოებით 700000 ლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული. ხოლო ჯამურად, 16 ადამიანია დასაქმებული.