საქართველოში კაკლოვანი კულტურების მოსავლის აღება დასრულდა. კლიმატური პირობების გათვალისწინებით წელს ფერმერებმა იმაზე ნაკლები თხილისა და ნუშის მოსავალი მიიღეს, ვიდრე ელოდნენ, კაკლის შემთხვევაში, პირიქით, მცირედით ზრდაა. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, წელს ნუშის ზოგიერთი მწარმოებელი 20-30%-ით ნაკლებ მოსავალს მიიღებს.
“შარშან დაახლოებით 3000 ტონა იყო გაუტეხავი ნუშის მოსავალი, ხოლო კაკალი იყო დაახლოებით 3500 ტონა. წელს რასაც ვხედავთ, პროგნოზი არის ის, რომ კაკლის მოსავალი მცირედით გაიზრდება, ალბათ მაქსიმუმ 4000 ტონამდე ავა, მაგრამ ნუშს რაც შეეხება, დიდი ალბათობით ნუშის მოსავლის ზრდა წელს არ გვექნება, რაც განპირობებულია ცუდი ამინდებით. დიდ ფერმებს 20-30%-იანი კლებაც კი აქვთ წინა წელთან შედარებით. ერთიანობაში კარგი წელი არ იყო მოსავლის კუთხით და შარშანდელ მაჩვენებელს არ გაცდება წლევანდელი ნუშის მოცულობა, თუმცა კაკლის მოცულობა გაიზრდება. ზუსტი რიცხვები გვეცოდინება წლის ბოლოს, როდესაც ასოციაციის წევრი ფერმერების გამოკითხვა ჩატარდება.
რაც შეეხება ფასებს, ნუშის და კაკლის ფასების ზრდა შარშან დაიწყო. თუ გასულ წელს საბითუმო ბაზრობაზე საქართველოში ნუშის გულის ვაჭრობა დაიწყო დაახლოებით 17-18 ლარის ფარგლებში, წელს ფასმა 20-21 ლარს მიაღწია. მსგავსი სიტუაცია არის კაკალშიც, კაკლის შემთხვევაშიც ფასები წინა წელთან შედარებით მცირედით გაზრდილია. შარშან გადასამუშავებელი კაკლის ჩაბარება 5-6 ლარიც იყო, წელს ეს ფასები ერთი ლარით არის მომატებული. აქ ვსაუბრობთ ბაღიდან შესყიდვაზე, რომელსაც ქარხანა შეისყიდის, შემდგომ გააშრობს და გატეხს.
რაც შეეხება მოლოდინებს, ძალიან მნიშვნელოვანია ნუშის შემთხვევაში ვთქვათ ამერიკის, კალიფორნიის საბოლოო შედეგები, რომელიც დაიდება ნოემბერში და რომლებიც იტყვიან რეალურად რა მოსავალი ჰქონდა კალიფორნიას. თუ მაგალითად კალიფორნია დადებს შედეგს, რომ ნუშის მოსავალი შემცირებულია წინა წელთან შედარებით, მაშინ შესაძლებელია, რომ ნუშის ფასმა დაიწყოს ზრდა წლის ბოლოდან”,- აცხადებს bm.ge-სთან ლევან ქვარიანი, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი.
ოფიციალური სტატისტიკა მოწმობს, რომ თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების ექსპორტო ბოლო წლების მაქსიმუმზეა. წელს 9 თვეში უკვე ექსპორტირებულია $84,4 მლნ დოლარის ღირებულების 10 ათას 849 ტონა საქონელი.
თხილის და სხვა კაკლის ექსპორტი: ( 2022-2025 წწ. იანვარ-სექტემბერი):
2021 წელი - $70 მლნ, 14 048 ტონა
2022 წელი - $59,9 მლნ, 13 043 ტონა
2023 წელი - $52,3 მლნ, 11 144 ტონა
2024 წელი - $56,1 მლნ, 8 806 ტონა
2025 წელი - $84,4 მლნ, 10 849 ტონა
მთლიან ექსპორტში ჯერ კიდევ მცირეა ნუშის წილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტი ღირებულებიდან გამომდინარე იზრდება, რამაც წელს - $1,6 მლნ დოლარი შეადგინა.
კანიანი/კანგაცლილი ნუშის ექსპორტი, 2024-2025 იანვარ-სექტემბერი:
2024 წელი - $679 ათასი, 260 ტონა
2025 წელი - $1,6 მლნ, 257 ტონა
რაც შეეხება საექსპორტო გეოგრაფიას, წლევანდელი მონაცემებით [იანვარ-სექტემბერი], ქართული თხილისა და სხვა კაკლოვანი კულტურების მთავარი გასაღების ბაზრები იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და თურქეთი არიან.
თხილისა და სხვა კაკლის მთავარი საექსპორტო ბაზრები:
იტალია - $15,9 მლნ, 2 225 ტონა
ესპანეთი - $12 მლნ, 1 369 ტონა
გერმანია - $6,4 მლნ, 728 ტონა
საფრანგეთი - $5,9 მლნ, 690 ტონა
თურქეთი - $3,4 მლნ, 472 ტონა




























