მიმდინარე წელს კაპიტალის ბაზარზე გაზრდილ აქტივობას ელოდებიან.
როგორც საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ში აცხადებენ, წელს 6 თვეში ადგილობრივ ბაზარზე 140 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისია განხორციელდა და მოლოდინია, რომ წლის მეორე ნახევარში კიდევ რამდენიმე მსხვილი განთავსება მოხდება.
როგორც BMG-ის Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსმა, ვანო კიკვილაშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე კომპანიებთან ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 400-500 მლნ ლარის მოცულობის ობლიგაციების გამოშვებაზე მიმდინარებს მუშაობა. ამასთან, მისი თქმით, უახლოეს ხანებში ერთ-ერთი კომპანია რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების გამოშვებას გეგმავს და ობლიგაციები ევროპის ერთ-ერთ საფონდო ბირჟაზე დაილისტება.
„შარშან ადგილობრივ ბაზარზე გამოშვებული საჯარო კორპორაციული ემისიების მოცულობა დაახლოებით 1.2 მლრდ ლარი იყო და წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით გაუმჯობესება გვექნება. წელს აქტიური პერიოდი ზაფხულიდან დაიწყო, რაც უფრო ტექნიკური საკითხებით იყო გამოწვეული და არა იმიტომ, რომ ინტერესი არაა. მიმდინარე წელს ჩვენ „თეგეტას“ და „აი ჯი დეველოპმენტის“ ემისიაში ვიყავით ჩართულები, რაც ინვესტორების მხრიდან კარგად იყო ათვისებული და გადაჭარბებული მოთხოვნა დაფიქსირდა. წლის მეორე ნახევარში გაზრდილ აქტივობას ველოდებით, რამდენიმე მსხვილი განთავსების მოლოდინი გვაქვს და შესაბამისად, ველით, რომ წლევანდელ წელსაც კარგად დავხურავთ.
ამ ეტაპზე ხუთ კომპანიასთან ვმუშაობთ, ერთ-ერთი არის ევრობონდების ემიტენტი, რომელიც ძალიან მსხვილი, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდების ემისიას აპირებს, რასაც ამავე ზაფხულს დავხურავთ. ზოგადად, კომპანიების მხრიდან დიდი აქტივობაა და ივლისის ბოლოსთვის რამდენიმე მსხვილ ემისიას დავხურავთ. რაც შეეხება ინვესტორებს, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან როგორც წესი, დოლარის ობლიგაციებზეა ხოლმე მოთხოვნა. ლარის ობლიგაციები კი უფრო მეტად მიმზიდველია ფინანსური ინსტიტუტებისთვის და კომერციული ბანკებისთვის“, - განაცხადა ვანო კიკვილაშვილმა.
ცნობისთვის, 2023 წელს ადგილობრივ ბაზარზე 1.13 მლნ ლარის მოცულობის საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ემისია განხორციელდა.