მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, კონკურენციის სააგენტოში განაცხადები 60%-ით გაიზარდა - რაზე ჩივიან მომხმარებლები ყველაზე ხშირად?

კონკურენციის სააგენტო

2025 წლის იანვარ-თებერვალში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) შესული განაცხადები წლიურად 60%-ით გაიზარდა.

სააგენტოს ინფორმაციით, გასულ ორ თვეში მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 202 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 675 შეადგინა.

განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%, აჭარა 4% და კახეთი 4 % და სხვა რეგიონები.

ორი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შესული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 78, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 46, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 44, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 15, ხოლო სხვა დანარჩენზე 19 განაცხადი.

სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 15%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება 2%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 10%-ს.

ამასთან, იანვარ-თებერვალში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 14 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 35 საქმეზე.

სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 8 მოვაჭრეს - 17 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 5400 ლარის ოდენობით.

მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 37 საქმეზე - 33 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

"მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა - https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 2 44 07 70",- აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები