საქართველოში კოსმეტიკური პროდუქტების რეგულირება იგეგმება. პრემიერის ანგარიშის მიხედვით, მთავრობა შესაბამის კანონპროექტს უახლოეს პერიოდში წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას შეეხება რეგულირება, ადგილობრივ წარმოებას, თუ იმპორტს.
საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 4 თვეში ქვეყანამ 25.9 მილიონი დოლარის ღირებულების კოსმეტიკა იყიდა, რაც წლიურად 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც საქართველო კოსმეტიკურ, მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებებს ყიდულობს, 45 ქვეყანაა. იანვარ-აპრილში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კოსმეტიკა შემდეგი 10 ქვეყნიდან შემოვიდა:
- საფრანგეთი - $7.3 მლნ;
- ბელგია - $2.5 მლნ;
- პოლონეთი - $2.2 მლნ;
- აშშ - $1.8 მლნ;
- იტალია - $1.6 მლნ;
- კორეის რესპუბლიკა - $1.45 მლნ;
- რუსეთი - $1.45 მლნ;
- თურქეთი - $1.4 მლნ;
- გერმანია - $1.2 მლნ;
- ესპანეთი - $794 ათასი;
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველომ რეკორდული, 74.2 მილიონი დოლარის ღირებულების კოსმეტიკა იყიდა. სამი ძირითადი საიმპორტო ბაზარი კი საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია იყო.