„წელს, მანდარინი ფაროსანას მიერ არის მასიურად დაკბენილი“, - ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის „აგრო ინვესტ სერვისი“ დირექტორმა, ვაჟა მკურნალიძემ მანდარინის მოსავლის შეფასებისას ისაუბრა.
მისი შეფასებით, მოსავალი წელს ნორმალურია და რაოდენობა 70000 ტონას წესით არ უნდა ჩამოსცდეს. თუმცა, მანდარინი ფაროსანასგან მასიურად არის დაკბენილი, რაც ვიზუალურადაც შესამჩნევია.
"მანდარინი მასიურად არის ფაროსანას მიერ დაკბენილი. ბევრი ნაყოფი ძირს ცვივა, რაც ძალიან ცუდია. ვიზუალურადაც ემჩნევა და მანდარინს რომ გაფცქვნი, ყველაფერი ნათელი ხდება. ცხადია, არის ადგილები, სადაც ეს პრობლემა ასე მასიურად არ დგას, თუმცა ძალიან ბევრ ადგილას არის ეს პრობლემა. სხვა მხრივ, ამ ეტაპზე ცოტა რთულია პრობლემებზე საუბარი, რადგან მოსავლის აღება ჯერ არ დაწყებულა. მასიურად მოსავლის აღება 15 ნოემბრიდან იწყება. მოსავლიანობა ამინდზეც არის დამოკიდებული. იმედი გვაქვს, რომ ამინდები მოსავლის აღების პერიოდში ნორმალური იქნება. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ამ პერიოდში სეტყვა იცის. იმედია, რომ ფერმერები უპრობლემოდ შეძლებენ მოსავლის დაბინავებას.
ჩვენი ვარაუდით, სადღაც 70000 ტონაზე ნაკლები მოსავალი არ უნდა იყოს. შარშანდელთან შედარებით, ეს მზარდი მაჩვენებელია. თითქმის ყოველწლიურად სურსათის ეროვნული სააგენტო წამლობის ღონისძიებებს ატარებს, თუმცა რამდენად ეფექტურია, მეორე საკითხია. ფაქტია, რომ ამან სათანადო შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ფაროსანას ბოლო 10 წელია ვებრძვით. ამასთან, ფერმერები, ფაროსანასთან მასიურ წამლობას თხილის მასიურ გახმობასაც უკავშირებენ. ბოლო 2 წელია, რეგიონში თხილი მასიურად გახმა", - განმარტავს მკურნალიძე.
რაც შეეხება სარეალიზაციო ბაზრებს, კომპანიის „აგრო ინვესტ სერვისი“ დირექტორის პროგნოზით, ბაზრებზე ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, სამწუხაროდ, მთავარ სარეალიზაციო ბაზრად კვლავ რუსეთი რჩება, რომელსაც სომხეთი, აზერბაიჯანი, ნაწილობრივ შუა აზიის ქვეყნები და უკრაინა მოსდევს.
მკურნალიძე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ქვეყანა ძირითადი ბაზრებიდან ფაქტობრივად ამოვარდა.