საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები სამეგრელოს რეგიონში გამოვლინდნენ. მათ შორის მობაილ აპლიკაცია LiveCourt-ია, რომელიც სპორტის მოყვარულებს საჯარო სტადიონების მოძიებაში ეხმარება.
როგორც სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, ლუკა ხვიჩავა BM.GE-სთან აცხადებს, აპლიკაცია მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ დაამონიტორინგოს როგორც სტადიონზე ადამიანების რაოდენობა. ასევე ის ადამიანებიც, რომლებიც ამჟამად თამაშობენ, ელოდებიან თავიანთ რიგს ან უყურებენ თამაშს.
მისივე ცნობით, ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისეთი სტადიონი აირჩიოს, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ საჭიროებებს.
"აპლიკაცია წელს სატესტო რეჟიმში უნდა ჩაეშვას, რაშიც GITA-ს 25000 ლარიანი გრანტი დაგვეხმარება. ახლა მომზადების პროცესი მიმდინარეობს. კამერებიც უკვე გამოწერილია. აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც Android, ასევე IOS-ის მომხმარებლებისთვის.
იგეგმება, რომ აპლიკაციამ მთელი საქართველო მოიცვას, რაშიც დაახლოებით 6 მლნ ლარის ინვესტიციაა საჭირო",- განაცხადა ხვიჩავამ.
აღსანიშნავია, რომ პროექტში ჯამში 3 ადამიანია ჩართული.