მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, ნუშისა და კაკლის მოსავალი თითქმის შარშანდელ მაჩვენებლებს გაუტოლდება - ასოციაცია

ნუში და კაკალი

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის, ლევან ქვარიანის შეფასებით, 2025 წელს ორივე კულტურის მოსავალი თითქმის შარშანდელ მაჩვენებლებს გაუტოლდება და ამ მხრივ, მნიშვნელოვანი ზრდა არ არის მოსალოდნელი. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, შარშან საქართველოში დაახლოებით 3 000 ტონა გაუტეხავი ნუში მოიკრიფა. მიმდინარე წელს, შედეგი სავარაუდოდ ანალოგიური იქნება, ოპტიმისტური სცენარით კი მოსავლიანობამ შესაძლოა 3 500 ტონასაც მიაღწიოს. თუმცა სექტემბერში უხვი ნალექის გამო, ფერმერების დიდი ნაწილი შარშანდელზე ნაკლებ მოსავალს ელოდება.

რაც შეეხება კაკალს, 2024 წელს მიღებული მოსავლის მოცულობა დაახლოებით 3 500 ტონა იყო. ქვარიანის თქმით, წელს მოსავლის ზომიერი ზრდაა მოსალოდნელი და ინდუსტრია დაახლოებით 4 000 ტონა კაკლის მოსავალს ელის.

„ორივე კულტურის შემთხვევაში, ძირითადი რეალიზაცია კვლავ ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. შარშან, ნუშისა და კაკლის 90-95% სწორედ საქართველოში გაიყიდა. უმნიშვნელო რაოდენობით ექსპორტი ევროკავშირში, რუსეთსა და ინდოეთში განხორციელდა, თუმცა მოცულობა იმდენად მცირე იყო, რომ საექსპორტო ბაზრების სიღრმისეულ შესწავლა არ მომხდარა“, - აღნიშნა ქვარიანმა.

ფასების პროგნოზზე საუბრისას, ასოციაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ ნუშის ღირებულება მზარდია.

"ვფიქრობ, კაკლის და ნუშის ფასი შეიძლება ცოტათი გაძვირდეს. უფრო ნუში, რაც უკვე აისახა, რადგან როდესაც გადამმუშავებელი საწარმოები ყიდულობენ გაუტეხავ ნუშს, აქ შეიმჩნევა უკვე ზრდა. მაგალითად, შარშან, თუ გაუტეხავი ნუშის ჩაბარების ფასი იყო, $1.20, ახლა ფასი არის $1.40. ეს ნუში რომ გატყდება და იქცევა გულად, ყველა ვარიანტში გაძვირდება", - თქვა მან და დასძინა, რომ შარშან ნუშის საბითუმო ფასი თუ 17–18 ლარიდან იწყებოდა, წელს უკვე საუბარია 19–20 ლარის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები