რაჭაში მდებარე ტურისტული და გასტრონომიული სივრცე „კესანე - არ დამივიწყო“ 2025 წლის ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვანი აქტივობით გამოირჩეოდა. ობიექტის დამფუძნებელმა, გვანცა ყრუაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ მიმდინარე წელი „კესანესთვის“ მესამე სეზონია და მისი ფუნქციონირება, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
ტურიზმის დარგის წარმომადგენელი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონი წინა წლებთან შედარებით გაცილებით დატვირთული აღმოჩნდა. განსაკუთრებული ინტენსივობით გამოირჩეოდა აგვისტო, როდესაც ვიზიტორების დაახლოებით 90% ადგილობრივი ტურისტები - ქართველი მოგზაურები იყვნენ.
„აგვისტო ტრადიციულად დატვირთული თვეა რაჭაში, თუმცა წელს ადგილობრივი ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი გვყავდა. სივრცე ყოველდღიურად სრულად იყო დაჯავშნილი და ფაქტობრივად, გადატვირთულ რეჟიმში ვმუშაობდით“, - აღნიშნა მან.
ტურისტული ობიექტი, რომელიც ერთდროულად 70-მდე სტუმრის მიღება შეუძლია, ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს ბოლომდე პრაქტიკულად სრულად იყო დაჯავშნილი. თუმცა უცხოელი ვიზიტორების ნაკადის სიმცირე შეინიშნებოდა. გასტროტურისტული ობიექტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ტურისტები რეგიონს უფრო გაზაფხულსა და შემოდგომაზე სტუმრობენ. მიუხედავად ამისა, ობიექტს ამ სეზონზე სტუმრობდნენ სამხრეთ აფრიკიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.




























