მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საარბიტრაჟო დავების [კომპენსაციის] გადახდა დაგეგმილი არაა, მომდევნო წლებში სავარაუდოდ, გარკვეული ანაზღაურება მოგვიწევს - კაკაურიძე

კაკაურიძე

საქართველოსთვის ინვესტორებთან მიმდინარე საარბიტრაჟო დავები კვლავ ერთ-ერთ მთავარ ფისკალურ რისკად რჩება.

როგორც „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო $3.3 მილიარდის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე BMG-სთან ამბობს, რომ უშუალოდ მიმდინარე წელს საარბიტრაჟო დავების მიმართულებით ბიუჯეტიდან კომპენსაციების გადახდა არაა დაგეგმილი.

გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ შესაძლოა, ეტაპობრივად სახელმწიფოს ინვესტორებისთვის მოუწიოს თანხების ანაზღაურება, თუმცა მისი თქმით, ეს არ იქნება სრული მოთხოვნილი თანხა, 3.3 მლრდ დოლარი.

„მიმდინარე წელს [კომპენსაციის] გადახდას ნამდვილად არ ველოდებით, თუმცა ზოგადად რისკია, რომ ეს დავები არსებობს. რა თქმა უნდა 3 მილიარდის დავას სახელმწიფო არ წააგებს, იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი საერთოდ აბსურდულია. თუმცა გარკვეული თანხების ანაზღაურება, რაც უკვე გამდგარიც არის არბიტრაჟში, შესაძლოა, ეტაპობრივად მოგვიწიოს, თუმცა კონკრეტულ "ქეისებზე' ვერ ვისაუბრებ, რომელი შემთხვევა არის რელევანტური და რომელი - არა.

წლევანდელ ბიუჯეტში [საარბიტრაჟო დავების კომპენსაციის] გადახდა დაგეგმილი არაა, მომდევნო წლებში სავარაუდოდ, გარკვეული ტიპის თანხების ანაზღაურება მოგვიწევს. ეს ბიუჯეტისთვის დიდი თანხა არ იქნება, თუმცა ზუსტ თანხაზე დღეს ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, ერთ-ერთი მსხვილი საარბიტრაჟო დავა საქართველომ გასული წლის ბოლოს წააგო. კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო. საქართველომ 76 მლნ დოლარის დავა წააგო Inter Rao-სთანაც, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფებს შეეხებოდა.

აღსანიშნავია, რომ BMG-იმ საერთაშორისო არბიტრაჟების შესახებ, მათ შორის Enka-სა და Inter Rao-სთან წაგებულ დავებზე იუსტიციის სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებით ჯერ კიდევ 2025 წლის 10 თებერვალს მიმართა, თუმცა სამინისტროსგან ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები