მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველოს საბაჟო საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის 347 მცდელობა დაფიქსირდა - RS

შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, დაფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 347 ფაქტი, ხოლო 2023 წელს - 852 შემთხვევა.

როგორც უწყების მიერ BM.GE-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს.

შემოსავლების სამსახურის თანახმად, საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე, დაფიქსირებულია საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურებზე უარის თქმის 2088 შემთხვევა.

„საერთაშორისო სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების ცენტრალიზებულ კონტროლს.

ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა სატრანზიტო დერეფანი მკაცრად კონტროლდება იმ ფორმით და იმ პროცედურით, რასაც თავად მოიცავს დაწესებული სანქციები და შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმირებული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

დღეის მონაცემებით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიციირებას.

საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე, დაფიქსირებულია საქართველოს საბაჟო საზღვრებიდან გაბრუნებისა და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარის თქმის 2088 შემთხვევა.

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, დაფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვრიდან სანქციების გვერდის ავლის მცდელობის 347 ფაქტი, ხოლო 2023 წელს - 852 შემთხვევა.

საერთაშორისო სანქციების დაწესებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველა ამ მცდელობის შემთხვევაში, საქონელი დაექვემდებარა უკან გაბრუნებას, გარდა იმ ფაქტებისა, როდესაც სანქციების გვერდის ავლის მცდელობისას, დადგა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის საგამოძიებო უწყებას გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაადგილების შესახებ, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციების აღსრულების კუთხით მუდმივად ხდება მათი ინფორმირება“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები