მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, საქართველოში თხილის 50 000 ტონა მოსავალს ველით - თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

მეთხილეობა

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, წელს საქართველოში თხილის მოსავლიანობამ 50 000 ტონას უნდა გადააჭარბოს, ამის შესახებ მერაბ ჭითანავამ „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

მისი შეფასებით, მიმდინარე წელი მეთხილეობის მიმართულებისთვის კარგი ამინდებით დაიწყო, თუმცა მოსავლიანობის ზრდა თავად ფერმერების აქტივობაზეც არის დამოკიდებული.

„ძალიან კარგი ზამთარი და გაზაფხული გვქონდა, აქედან გამომდინარე თხილის მოსავლის 50 000 ტონამდე ზრდას ველით, შეიძლება გადასცდეს კიდეც ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ფერმერის ჩართულობაა, რასაც ფერმერების მიერ აგრო-ქიმიკატების შეძენის მაჩვენებლით ვზომავთ. ამ მხრივ აქტივობა კარგია. ვფიქრობ, წელს 2019 წლის მოსავლიანობის ნიშნულთან ახლოს მივალთ და ჩვენს ლიდერულ პოზიციებს დავიბრუნებთ“, - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.

დარგის წარმომადგენელმა მეთხილე ფერმერების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს ფერმერების ჩართულობა უფრო მიზნობრივია, რაც დადებით მოლოდინებს აჩენს.

„შარშან სუბსიდირების პირველი წელი იყო და ფერმერები ადაპტირებული არ იყვნენ ამაზე. წელს მიზნობრიობა უფრო მეტია. ფერმერებიც ბევრად მეტ ინტერესს გამოხატავენ პროგრამის მიმართ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც აზოტს ყიდულობენ და სიმინდზე ან ციტრუსზე ხმარობენ, რაზეც ჩვენ ვაფრთხილებთ, რომ ასეთი ქმედება შეიძლება პრობლემით დასრულდეს, რადგან 50 აგროკონსულტანტი აღწერს დაახლოებით 5 000 ფერმერის საქმიანობას. ამ პროექტში მონაწილე ფერმერებს განსაკუთრებული ბენეფიტები აქვთ. ასოციაციის მხრიდან ფერმერებს მივეცით შესაძლებლობა, რომ ის ფერმერი, რომელიც წამლობას ჩაატარებს, თხილის დასაწყობების შრობის და პრემიუმ ფასში მისი რეალიზების შესაძლებლობას მივცემთ“, - აღნიშნა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ.

სახელმწიფო აგრძელებს მეთხილე ფერმერების სუბსიდირების პროგრამას, რომლის ფარგლებში, მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება.

პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. დარიცხულია 15 მლნ ლარზე მეტის ეკვივალენტი აგროქულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები