წელს პირველ კვარტალში სატესტო რეჟიმში ამოქმედდა 54.1 მგვტ-იანი მტკვარი ჰესი და 14.2 მგვტ-იანი ჭიორაჰესი. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში წერია.
თავდაპირველად "მტკვარი ჰესის" პროექტი ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდს" ეკუთვნოდა. მისი განვითარება ფონდმა 2014 წელს დაიწყო 2024 წელს კი თითქმის დასრულებული სახით გაასხვისა.
პირველადი შეფასებით, სამცხე-ჯავახეთში მდებარე 54-მეგავატიანი მტკვარი ჰესის აგება 140 მლნ დოლარამდე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ის 100 მლნ დოლარით გაძვირდა. ამ გაძვირებას ივანიშვილი ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანობას უკავშირებდა.
თუმცა, 2017 წლის დასაწყისში ჰესის მთავარი ობიექტის - 9.6-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის დროს გვირაბი ჩამოიშალა, რამაც TBM აპარატის მიწაში გაჭედვა განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის წინაშე დადგა, რაც ერთდროულად რამდენიმე საკითხს მოიცავდა - ალტერნატიული საინჟინრო პროექტის მომზადება და სახელმწიფოსთან შეთანხმება, სადაზღვევო და სამართლებრივი დავა და დამატებითი ფინანსების მობილიზების აუცილებლობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, სამუშაოთა გაგრძელება მხოლოდ 2019 წლის 23 ივნისს მოხდა. ამასთან, პროექტის მოდიფიკაციის ფარგლებში საჭირო გახდა 300 მეტრის სიგრძის ახალი გვირაბის გაყვანაც.
მტკვარი ჰესი მოდინების ტიპის ჰიდრეოელქტოსადგურია, რომელიც მდინარის ნაკადის დაახლოებით 10%-ს ჰიდროელექტროსადგურში მიმართავს. საინჟინრო გეგმის თანახმად, ჰესის მთავარი ნაგებობაა 9.6-კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბი. ჰესის ზედა წერტილი ზღვის დონიდან 1,015 მეტრზე, ხოლო ქვედა წერტილი 909 მეტრზე მდებარეობს.
“მტკვარი ჰესის” პროექტს 2009-2014 წლებში სააქციო საზოგადოება “კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა” ახორციელებდა, რომლისგანაც შემდგომში “თანაინვესტირების ფონდმა” სადგურის 100% გამოისყიდა. პროექტში მონაწილე სამშენებლო კომპანიები არიან: შპს ფერი და სს ენერგონი, ხოლო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიების მხრიდან ჩართულები არიან: ILF Consulting Engineers, Tunnelconsult და Ukrhydroproject. გვირაბის გაყვანის სამუშაოები შესრულებულია გერმანული კომპანია Herrenknecht AG-ის გვირაბგამყვანი მანქანით, ხოლო ელექტრო-მექანიკურ დანადგარები ავსტრიული კომპანიის Voith Hydro მიერაა წარმოებული. ვრცლად ამ თემაზე ნახეთ აქ:




























