მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს შესაძლოა, 5%-იანი ეკონომიკური ზრდაც არ იყოს რეალისტური - მარინა გულედანი

გულედანი

ეკონომისტების ნაწილის მოლოდინით, მიმდინარე წელს შესაძლოა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 5%-ზე დაბალი იყოს.

საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკის განახლებული მოლოდინით, მიმდინარე წელს საბაზისო სცენარის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მის გრძელვადიან ტრენდს, 5%-ს დაუბრუნდება.

როგორც კაპიტალის ბაზრის ექსპერტმა, მარინა გულედანმა BMG-ის განუცხადა, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, მოსალოდნელია, რომ სავალუტო შემოდინებების კლების ტენდენცია გაგრძელდება, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაზეც ნეგატიურად აისახება.

„არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ წინა წლების ეკონომიკური ზრდა ერთი მხრივ, პოსტკოვიდური იყო, მეორე მხრივ, კი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად შექმნილი ახალი ნაკადებით იყო გამოწვეული. შესაბამისად, ის, რომ ეკონომიკა უფრო ბუნებრივი ზრდის მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს, ეს გასაგებია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა ტიპის კრიზისშია ქვეყნის ეკონომიკა შესული, არ გამოვრიცხავ, რომ ეს 5%-იც არ იყოს რეალისტური. რა თქმა უნდა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. იდეალური იქნებოდა, რომ პოლიტიკური პროცესის დეესკალაცია მოხდეს, რათა სავალუტო შემოდინებების წყაროები აღდგეს, მაგრამ ამას პირი არ უჩანს. იმ პირობებში, როდესაც ქვეყნის საინვესტიციო გარემო ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაშია, პროგნოზების გაკეთება რთულია“, - განაცხადა მარინა გულედანმა.

ცნობისთვის, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურია საქართველოს მთავრობის მოლოდინები. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საბაზო სცენარის თანახმად, წელს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები