ავტომატიზაციის და ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემების კომპანიის „ სმარტერის“ მმართველი პარტნიორი, დიმიტრი აბულაძე BM.GE-სთან სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, რიგით მეორე საგამოფენო სივრცის გახსნა თბილისის შემდეგ, ბათუმში იგეგმება.
მისივე თქმით, ახალი საგამოფენო სივრცის გახსნა გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, შესაბამისად კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ქვეყანაში რეგიონული გაფართოებაა.
„ამ ეტაპზე, საგამოფენო სივრცის ერთი ფილიალით ვართ თბილისში წარმოდგენილი. თუმცა, სმარტ ანუ ჭკვიან სისტემებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ახალი ფილიალის გახსნა ბათუმში გადავწყვიტეთ.
დღეს შეიძლება ძალიან თამამად ითქვას, რომ დეველოპერული და სამშენებლო მიმართულებით მთელი საქართველოს მასშტაბით საერთო აზრი ჩამოყალიბდა, რომ თუ დეველოპერი საშუალოზე მაღალ კარკასს აშენებს, ბინა ასე თუ ისე ცენტრში იმყოფება და პოზიციონირდება როგორც პრემიალური, აუცილებელი გახდა ამ შენობებში სმარტ სისტემების ინტეგრაცია, რათა საბოლოო მომხმარებელს კომპანიებმა უდიდესი კომფორტი შეუქმნან, ამასთან ენერგოეფექტურობა და უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ეს სამი კომპონენტი არის ჭკვიანი სახლისა და ავტომატიზაციის უპირატესობა. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვპარტნიორობთ წამყვან დეველოპერებთან როგორც თბილისში, ასევე აჭარაში. კარგი და დადებითი არის ის, რომ თითოეული პარტნიორობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი პროექტის ფარგლებში, არამედ მათ საკმაოდ დადებითი გამოცდილებები აქვთ და ყოველთვის აქვთ მოტივაცია იმისა, რომ ყოველ მომდევნო პროექტში ამ ინოვაციური სისტემების ინტეგრაცია განაგრძონ.
გარდა ამისა, საქართველოს ფარგლებს გასვლასაც ვგეგმავთ. უკვე ვიყავით ცენტრალური აზიის ბაზარზე, სადაც შეიძლება ითქვას, რომ სამშენებლო ბუმია. შესაბამისად, ჩვენი ჭკვიანი სისტემებითა და იმ გამოცდილებებით, რაც 8 წლის განმავლობაში საქართველოში დავაგროვეთ, ბაზარი ძალიან დაინტერესდა“,- აცხადებს აბულაძე.
მისი თქმით, ექსპორტზე გასვლა შესაძლოა წელსვე მოხდეს, თუმცა აღნიშნულმა საკითხმა ასევე შეიძლება 2025 წელსაც გადაიწიოს.
რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, აბულაძე აღნიშნავს, რომ სექტორში რეგულაციები ხარისხის ამაღლებასა და განვითარებას უზრუნველყოფს. კომპანია ქართული სამშენებლო მასალების კლასტერის წევრია, შესაბამისად მათთან თანამშრომლობამ კომპანიის განვითარებას ხელი შეუწყო.
„2016 წლიდან, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ხარისხი ავამაღლოთ. მოგეხსენებათ, რომ ბაზარი არის ძალიან მრავალფეროვანი და ყველანაირი ნივთის პოვნა შეიძლება. თუმცა, ჩვენ ყოველთვის ვპოზიციონირებთ იმით, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის პროდუქცია გვქონდეს და ქართულ ბაზარზე გრძელვადიანი გადაწყვეტილებების ინტეგრაცია მოხდეს. ამ მიმართულებით რეგულაციები ძალიან გვეხმარება და ზოგადად ბაზარზეც მოქმედებს დადებითად“, - აღნიშნავს „სმარტერის“ მმართველი პარტნიორი
ინფორმაციისთვის, “სმარტერი” ქართულ ბაზარზე 2015 წელს შემოსული კომპანიაა, რომელიც მის საგამოფენო სივრცეში ჟიული შარტავას 39-ში მისულ მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ჭკვიან პროდუქტს სთავაზობს.