მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს, წარმოების დაახლოებით 20%-ით ზრდას ვგეგმავთ" - ახალციხეში მდებარე ლოკოკინას ფერმა

ლოკოკინა

ახალციხეში მდებარე ლოკოკინების ფერმა წარმადობის გაზრდას გეგმავს. ფერმის დამფუძნებლის, ზურაბ სადათიერაშვილი განცხადებით, მიმდინარე წელს წარმოების დაახლოებით 20%-ით ზრდა იგეგმება.

როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, ფერმა სეზონურ ციკლზე მუშაობს და ამ ეტაპზე, ახალი სეზონისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს.

"ახლა ვაწყობ ფერმას – ყოველწლიურად საჭიროა საკვები კულტურების ხელახლა დათესვა, რომ შემდეგ [ლოკოკინას] გაშვება მოხდეს. ჩემს შემთხვევაში ეს მაის-ივნისში ხდება. კონკრეტული დამკვეთი, ვისზეც წინასწარ ვიმუშავებდი, ჯერ არ მყავს, თუმცა ეტაპობრივად, ყოველწლიურად მაინც ვცდილობ, რომ წარმოება დაახლოებით 20%-ით გავზარდო", – ამბობს სადათიერაშვილი.

მისივე განმარტებით, წარმოების ზრდა ტერიტორიის გაფართოებასაც უკავშირდება: „შარშან დაახლოებით 3 000 კვადრატამდე ფართობი მქონდა, ახლა უკვე 6 000 კვადრატამდე გავზრდი. კერძოდ, ჩემი ნაკვეთის გვერდით, კიდევ ერთი ნაკვეთი მქონდა, სადაც ლოკოკინების წარმოებას ვაპირებ", – აღნიშნავს ის და დასძენს, რომ გაფართოების მიზნით დაახლოებით 10 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

რაც შეეხება ლოკოკინების ბაზარზე არსებულ ვითარებას, სადათიერაშვილის თქმით, სექტორში ფასები სტაბილურია, თუმცა თავად ბაზარი საკმაოდ სპეციფიკური რჩება.

„ბაზარი საკმაოდ ვიწროა - ძირითადად ერთი და იგივე რესტორნები და მომხმარებლები არიან. ნელ-ნელა ემატებიან, თუმცა ეს უფრო რეკომენდაციების საფუძველზე ხდება“, – განმარტავს ის.

ფერმერის შეფასებით, საქართველოში ლოკოკინის მიმართ ინტერესი ცნობიერების ზრდასთან ერთად იზრდება და პროდუქტი ეტაპობრივად იმკვიდრებს ადგილს ადგილობრივ გასტრონომიაში.

„დღეს უკვე, მაგალითად, ახალციხეში ჩამოსული ვიზიტორები ხშირად მიიჩნევენ, რომ ლოკოკინა უნდა გასინჯონ. ადრე უფრო ტრადიციული კერძები იყო მოთხოვნადი, ახლა კი ესეც ემატება,“ – ამბობს ის.

ლოკოკინის ფერმა ახალციხეში საკუთარი ინვესტიციით 2020 წელს გაშენდა, პირველ ეტაპზე 100 კვ.მ-ზე. მეურნეობამ წელიწადში 200 კილოგრამი ლოკოკინის წარმოებით დაიწყო და ახლა უკვე დაახლოებით 2 ტონამდე ლოკოკინას აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები