საქართველოს უძრავი ქონების სააგენტოში (GREA) აცხადებენ, რომ მიმდინარე წელი გაყიდვების დადებითი დინამიკით დაიწყო.
როგორც სააგენტოს დამფუძნებელმა, ნინო აბსანძემ BMG-ის განუცხადა, მათი მართვის ქვეშ მყოფ დეველოპერულ კომპანიებში თებერვალში გაყიდვების 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარი დასტაბილურდა და მიმდინარე წლისთვის მოლოდინები დადებითია.
“2026 წელი საკმაოდ პოზიტიური ტრენდით დაიწყო. ბინების გაყიდვები რაოდენობრივ ჭრილში 5%-ით არის გაზრდილი გასულ წელთან მიმართებით და ზოგადად, წელს პოზიტიური მოლოდინებია, როგორც ფასის, ასევე გაყიდვების რაოდენობის ზრდის კუთხით.
ჩვენი სააგენტო დაახლოებით 7 დეველოპერულ პროექტს მართავს ახლა. მათი ჯამური ღირებულება 250 მილიონი დოლარია. თითქმის ყველა მიმართულებით გვაქვს პროექტები - როგორც უბნური ტიპის, სადაც მიწებს ვყიდით, ასევე ეკონომკლასის ბინების პროექტიც, საშუალოც და მაღალი სეგმენტიც. ყველგან იყო ძალიან კარგი აქტივობა, როგორც იანვარში, ასევე თებერვალიც ჩვენთვის ძალიან კარგი იყო. იანვართან შედარებით თებერვალში გაყიდვები 30%-ით გვქონდა გაზრდილი.
დინამიკა საკმაოდ გაზრდილია, გასული წლის ბოლოდან მნიშვნელოვნად დაიწყო გაჯანსაღება უძრავი ქონების სექტორმა, დასტაბილურდა. 2026 წლის მოლოდინებია, რომ ფასები დაახლოებით 3%-ით გაიზრდება, ხოლო რაოდენობრივი ზრდა იქნება 5%-მდე. ბაზარი მსხვილდება, უფრო სტაბილური კომპანიები უფრო მეტად აქტიურობენ. მეტი ცოდნა და გამოცდილება გაძლევს საშუალებას, სწორი პროდუქტი შექმნა, სწორად დაადო ფასი. ჩვენს შემთხვევაში ძირითადად სულ სისტემურ დეველოპერებთან ვმუშაობთ, ყველაფერი დაფინანსებულია კორპორაციული დაფინანსებით ბანკებიდან და წესების დაცვით მივყვებით პროცესებს. შესაბამისად, [კარგი] შედეგებიც გვაქვს”, - განაცხადა ნინო აბსანძემ.
ცნობისთვის, TBC Capital-ის თანახმად, 2026 წლის იანვარში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 5%-ით გაიზარდა და 2 922-ს გაუტოლდა.




























