წელს, ყაზბეგში ახალი სამაშველო ქოხის „ალტიჰატის“ გახსნა გადაიდო. - ამის შესახებ BM.GE-სთან „ალტიჰატის“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა. მიზეზად კი სახელმწიფოს მხრიდან ბიუროკრატიული ბარიერები დაასახელა.
მისივე თქმით, ისინი სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის 20-25 წლით სარგებლობას სთხოვენ, რომელიც დაცული ტერიტორიების ზონაში ხვდება.
ცნობისთვის, ახალი სამაშველო ქოხი ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე უნდა განთავსებულიყო და მის მიზანს, ალპურ სიმაღლეზე სანიტარიული პირობებისა და ზოგადი უსაფრთხოების გაუმჯობესება, რთულად მისადგომ ადგილებში ტურისტული პოტენციალის განვითარება და მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება წარმოადგენდა.
„პროექტი წელს გადაიდო და იმედი მაქვს, მომავალ წელს მაინც გავაკეთებთ. ქოხი შვეიცარიაში დავამზადებინეთ და ახლა იქ არის, რადგან აქ არ დაზიანდეს. პრობლემა მიწის ნაკვეთია, სადაც ეს სამაშველო ქოხი უნდა განთავსდეს.
ქოხი ყაზბეგში 3700 მ სიმაღლეზე კრიტიკული და კომფორტული ინფრასტრუქტურის ე.წ. სამაშველო ქოხის შექმნას ემსახურება, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი საჭირო სამედიცინო აღჭურვილობით, სადაც განთავსდება სამედიცინო პერსონალი, ვინც პერმანენტულად იმორიგევებს აღნიშნულ სიმაღლეზე. გარდა ამისა, ქოხი მზად იქნება უმასპინძლოს 10-მდე ადამიანს, სათავგადასავლო ტურიზმის მდგრადი განვითრებისა და რეგიონის ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. თუმცა, აღნიშნული დაცული ტერიტორიების საკუთრებაა. შესაბამისად, მიწის იჯარის საკითხზე გაუთვალისწინებელი პრობლემა შეგვიქმნა. სახელმწიფოს 15-20 წლით მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლებას ვთხოვთ.
ჩვენმა პარტნიორებმაც გვირჩიეს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, პროექტის გადავადება აჯობებს",- აცხადებს ალავიძე.
მისი ინფორმაციით, ქოხი დაახლოებით 25 ადამიანს დაიტევს, საიდანაც 15 ადგილი გადაუდებელი სამაშველო საჭიროებებისათვის იქნება განკუთვნილი. ხოლო, ადგილზე დაახლოებით 5 მაშველი-მედიკოსის დასაქმება იგეგმება. ამასთან, სამაშველო ქოხი სხვა კომპანიებთან ერთად ნარჩენების სისტემურ მართვას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ინვესტიციას, საწყის ეტაპზე, პროექტის საინვესტიციო მოცულობა სავარაუდოდ, 1.5 მლნ ლარის ფარგლებში იქნება.
ინფორმაციისთვის, პროექტი მთლიანად კერძო ინვესტიციებით ხორციელდება და მისი მიზანი და კონცეფცია, საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველი თანამედროვე და სრულად აღჭურვილი სამთო სამაშველო ინფრასტრუქტურის შექმნაა, რაც ზუსტად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს, უსაფრთხო სამთო სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის განვითარების კუთხით რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ უსაფრთხოებას და ზრუნვას პლანეტაზე, კავკასიონის ყველაზე პოპულარული მიმართულების დაბინძურების სისტემური შემცირების და დასუფთავების მიმართულებით, რაც ამ საკითხის მიმართ გლობალური გამოცდილების დანერგვასა და სისტემურ ადვოკატირებაში იქნება გამოხატული.