ეკონომისტი რატი წიკლაური საქართველო-თურქმენეთს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს აფასებს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ქვეყანასთან პარტნიორობა პოზიტიური სიახლეა, რეალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ მხარეებს შორის ფუნდამენტური და მყარი ეკონომიკური კავშირები ჯერჯერობით არ არსებობს.
ეკონომისტი ყურადღებას ამახვილებს ორმხრივი ვაჭრობის სტრუქტურაზე და აღნიშნავს, რომ რეალურ პოტენციალთან შედარებით მცირეა. წიკლაურის შეფასებით, მიუხედავად არსებული მწირი მაჩვენებლებისა, ორ ქვეყანას შორის რეალური ეკონომიკური პოტენციალი კონკრეტულ მიმართულებებზე გადის მათ შორის, შავ ზღვაში პორტსა და საქართველოს სატრანზიტო დერეფანზე.
"ვფიქრობ, რომ ის რასაც ახლა ვხედავთ, ერთის მხრივ, ცალსახად პოზიტიური სიახლეა. ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ვიხილეთ ცენტრალურ აზიასა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან დაახლოება, რაც ცალსახად კარგია. თუმცა, სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ეს ხდება დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობების კომპენსირების ხარჯზე. სწორედ ეს მიმაჩნია ჩვენს შემთხვევაში მთავარ საგანგაშო ფაქტორად ისე არ გამოგვივიდეს, რომ აღმოსავლეთთან და ცენტრალურ აზიასთან მეგობრობას ვცდილობთ (რაც კარგია), მაგრამ შემდეგ ამას ისე ვყიდით, თითქოს დასავლეთი აღარ გვჭირდება, რადგან გვყავს ჩინეთი, ყაზახეთი და თურქმენეთი. ეს ასე არ გამოვა.
რაც შეეხება ამ ქვეყნებს, პატარა მონახაზს გავაკეთებ: ცენტრალურ აზიასთან საქართველოს სინამდვილეში არ აქვს ისეთი დიდი სავაჭრო ურთიერთობები, როგორც ეს შეიძლება ნიუსებიდან ან პიარის გადმოსახედიდან ჩანდეს. რეალურად, ცენტრალურ აზიასთან ჩვენი ურთიერთობებიც რუსეთ-უკრაინის ომთან იყო მიბმული. თურქმენეთის დელეგაციის ჩამოსვლა თავისთავად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ნებისმიერი ტიპის ეკონომიკური ურთიერთობა, პოზიტიური სიახლეა, თუმცა მონაცემებს რომ შევხედოთ, საქართველოს თურქმენეთთან ჯერ ბევრი არაფერი გაუკეთებია.
თუ ვისაუბრებთ პოტენციალზე რა სიკეთე შეიძლება მიიღოს საქართველომ თურქმენეთთან დაკავშირებითა და დამეგობრებით, ორ მთავარ ასპექტს გამოვყოფდი. ორივე რეალურია, თუმცა პირველი უფრო რეალისტურია, ვიდრე მეორე.
პირველი: თვითონ თურქმენეთის პრეზიდენტმა ბერდიმუხამედოვმა გამოთქვა სურვილი, შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს ტერიტორიაზე, მოეწყოს საწყობი ან ლოგისტიკური მეურნეობა, რომელიც თურქმენეთის სუვერენიტეტის ქვეშ იქნება. საქართველო ამით ნახავს სარგებელს, რადგან იმ საქონლიდან, რომელსაც თურქმენეთი ჩვენი გავლით გაიტანს ან შემოიტანს, რა თქმა უნდა, მივიღებთ გადასახადებს.
მეორე საკითხი, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ არის ის, რომ თურქმენეთი ძალიან აქტიურად ცდილობს ევროპასთან დაკავშირებას. დღესდღეობით, ისევე როგორც სხვა ქვეყნები (რუსეთ-უკრაინის ომი იყო მთავარი ფაქტორი, რამაც სახელმწიფოები აიძულა, დივერსიფიკაციისკენ აეღოთ გეზი), თურქმენეთიც ხვდება, რომ რუსეთსა და ჩინეთზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს და სხვა ბაზრებიც აითვისოს.
ამ შემთხვევაში, რა შეიძლება გაკეთდეს? უნდა შეიქმნას გზა, რომლითაც თურქმენული გაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით წავა ევროპაში. ჩვენ ვნახეთ, როგორ ამარაგებს აზერბაიჯანი ევროპას გაზით, რადგან ევროკავშირს ჰქონდა სერიოზული მცდელობა, უარი ეთქვა რუსულ გაზზე. თურქმენეთი შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორი, რადგან მას აქვს გასასვლელი კასპიის ზღვაზე, შესაბამისად, იოლად უკავშირდება აზერბაიჯანს, აზერბაიჯანიდან ჩვენ, ჩვენგან კი ევროპასთან დაკავშირება უკვე ბევრად მარტივი ხდება.
რომ შევაჯამო ისევ იქამდე მივდივართ, რითაც დავიწყე. ცენტრალურ აზიასთან ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა მაინც ჩვენს სატრანზიტო როლზე და დერეფნის ფუნქციაზე გადის. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ისეთი ეკონომიკა, რომელსაც, როგორ ვთქვა, ბარტერში გავცვლიდით, - ამბობს რატი წიკლაური.




























