გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სავალუტო რისკების ზრდის ფონზე, გლობალური ცენტრალური ბანკები ოქროს შესყიდვების გაზრდას და საკუთარ ტერიტორიაზე შენახვის ტენდენციას აძლიერებენ.
როგორც ირკვევა, ფინანსური ინსტიტუტები ოქროს ინფლაციის, გეოპოლიტიკური შოკებისა და სავალუტო რისკებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.
ოქროს მსოფლიო საბჭოს (WGC) ყოველწლიური გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა თითქმის 90% მომავალ წელს გლობალური რეზერვების ზრდას პროგნოზირებს, 45% კი საკუთარი მარაგების გაფართოებას აპირებს. საგულისხმოა, რომ ცენტრალური ბანკები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად საშუალოდ 1000 ტონა ოქროს ყიდულობდნენ, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.
არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს გამოკითხული 74 ცენტრალური ბანკიდან 9%-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში შიდა საცავებში ოქროს მოცულობა გაზარდა. ეს მაჩვენებელი გასულ წელს მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. ანალიტიკოსების განმარტებით, ტენდენცია პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ საომარ მოქმედებებს, რასაც დასავლეთის მხრიდან რუსეთის კუთვნილი $300 მილიარდის ღირებულების უცხოური აქტივების გაყინვა მოჰყვა. შექმნილმა ვითარებამ სხვა სახელმწიფოებიც დააფიქრა იმაზე, თუ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება უცხოეთში, მაგალითად, ინგლისის ბანკსა და ნიუ-იორკის ფედერალურ საცავში განთავსებული რეზერვები პოლიტიკური კრიზისების ან სანქციების წინაშე აღმოჩენის დროს.




























