ცენტრალური შემსყიდველი ორგანო მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის 50 ახალი ავტომობილის შეძენას გეგმავს. შესაბამისი კონსოლიდირებული ტენდერი უკვე გამოცხადებულია და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3.56 მილიონ ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ერთი ავტომობილის ზღვრული ღირებულება 52 842 ლარით არის განსაზღვრული. ამასთან, პრეტენდენტმა ფასში უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ ავტომობილის შეძენის ღირებულება, არამედ მისი ფლობის ხარჯებიც - მათ შორის გეგმური მომსახურება, ნაწილები და საწვავის ხარჯი 150 ათასი კილომეტრის გარბენის პერიოდში.
შესასყიდი ავტომობილები უნდა იყოს 2026 წლის გამოშვების, ახალი და ექსპლუატაციაში არმყოფი. მოთხოვნილია მარცხენასაჭიანი, თეთრი ფერის ავტომობილები, რომელთა გარბენი 200 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. მანქანებს უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 1.0 და არაუმეტეს 1.6 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავა, დასაშვებია ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებიც.
ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, ავტომობილს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 110 ცხენის ძალა, არანაკლებ 6-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ABS და ESC/ESP სისტემები, კონდიციონერი, უსაფრთხოების ბალიშები, ელექტრონულად რეგულირებადი სარკეები და სხვა სტანდარტული აღჭურვილობა.
შესყიდვის ფარგლებში ავტომობილები უნდა იყოს ადაპტირებული მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდისთვის. კერძოდ, მანქანებს უნდა ჰქონდეთ დამატებითი პარალელური სატერფულები — სამუხრუჭე და აქსელერატორის პედლები, ასევე დამატებითი უკანა ხედვის სარკეები როგორც სალონში, ისე გვერდითა სარკეებზე. ავტომობილები ასევე უნდა იყოს ბრენდირებული შესაბამისი დიზაინის მიხედვით.
ტენდერის პირობებით, მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს ავტომობილების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. მიწოდება განხორციელდება რუსთავში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
გამარჯვებულმა კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილების საგარანტიო მომსახურება არანაკლებ სამი წლის განმავლობაში, გარბენის შეზღუდვის გარეშე. გეგმური მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი არანაკლებ რვა ქალაქში — თბილისში, თელავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ბათუმში.
სატენდერო მოთხოვნებით, მონაწილე კომპანია უნდა იყოს ავტომობილის მწარმოებლის ოფიციალური დილერი საქართველოში და უნდა ჰქონდეს მწარმოებლის მიერ ავტორიზებული მინიმუმ ერთი სერვისცენტრი თბილისში.
წინადადებების მიღება 22 ივნისს დაიწყება და 23 ივნისს დასრულდება.




























