წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა - ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი, ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ლელოს" ლიდერ, მამუკა ხაზარაძესთან გამართული მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოში სიების წარდგენამდე 1 კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი.
მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან, ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმის საკითხის დათმობამ, მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში. გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა.
დიახ, წერტილი დავსვი მე! წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა - ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი, ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი ქვეყანაში პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის დაძლევის.
წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, ვიღაცისთვის მთავარ მიზანი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი ნებისმიერ ფასად ნებისმიერ ფურცელზე ხელის მოწერა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ახლაც, საუბარი მოლაპარაკების მხოლოდ იმ პრინციპებზე, რაც, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს საზოგადოების სამართლიან ინტერესს და, მეორე მხრივ, შეინარჩუნებს მომავალში თანამშრომლობის რესურსს.
"რას არ დათანხმდა ხაზარაძე:
- ნეიტრალურ პლატფორმას- თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი.
- გადაწყვეტილების მიღების სამართლიან პარიტეტულ პრინციპს - ითქვა, რომ იქ კოალიციაა და ბევრი სუბიექტია, ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი.
- კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს, როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან.
ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე - პარტიაზე და პარტიულ ნომერზეც - რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და პროცესი საბოლოოდ და სრულად ააცილა თავდაპირველ მიზანს.
ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველი მიზნისთვის აუცილებელ პირობებს და საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი საკითხებით:
- ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა და ვთვლით, რომ ეს არის უსაფრთხო და სამართლიანი ყველასთვის
- გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი
- კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან
მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს. ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გააძლიერა შესაძლებლობა ჩვენი მომავალში თანამშრომლობის.
მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა პროცესმა იმედგაცრუება არ გამოიწვიოს.
ამ მოლაპარაკებების თავდაპირველ მიზანს, რაც ნიშნავს ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვას და პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენ ყველა ერთად, ყველა შემთხვევაში და ყველაფრის მიუხედავად, აუცილებლად მივაღწევთ!", - თქვა გახარიამ.